Mercedes-მა ახალი E-class-ის ინტერიერი წარმოადგინა

კომპანია Daimler-მა საფირმო ბიზნეს სედანის, ახალი თაობის Mercedes-Benz E-class-ის ინტერიერის ფოტოები გაავრცელა.

ეს ერთგვარი მარკეტინგული ხრიკია კომპანიის მხრიდან, რომელიც ცდილობს გაზარდოს დაინტერესება და შესაბამისად მოლოდინი მოდელისადმი, რომლის პრეზენტაცია სულ მალე, იანვრის თვეში შედგება. მოდელი, რომლის გაყიდვებიც დეტროიტის ავტოშოუზე პრემიერიდან ცოტა ხანში დაიწყება, მომხმარებელს მრავალ ინოვაციურ სიახლეს სთავაზობს. ავტომობილის ინტერიერს ერთი თვალის შეხედვითაც ეტყობა ჯერ კიდევ ფრანკფურტის ავტოსალონზე წარმოდგენილი კონცეპტუალური მოდელის Concept IAA-ს შტრიხები. ის აღჭურვილია ორი უზარმაზარი დისპლეით, რომლის მართვაც საჭიდან ხელის აუღებლად არის შესაძლებელი. გარდა ამისა, კომპანიის ინჟინრები ამ საკულტო მოდელში რევოლუციურ სიახლეებს გვპირდებიან. რაც შეეხება ექსტერიერს, ავტომობილი განიცდის მისი უფროსი და უმცროსი „ძმების“ S class-ისა და C class-ის აშკარა გავლენას, თუმცა მათგან გარჩევა გაბარიტების გარდა სხვადასხვა შტრიხებითაც იქნება შესაძლებელი. კომპანიაში გვპირდებიან, რომ სიახლე „ლამაზი“ ავტომობილი იქნება.

E-class-ს კომპანიის სამოდელო გამაში მნიშვნელოვანი როლი უკავია როგორც გაყიდვების კუთხით, ასევე შემოსავლების მხრივ. თუ მაღალი კლასის S class-ი საკუთარ სეგმენტში უპირობო ლიდერია, „E-class“ ბოლო რამდენიმე წელია მის უშუალო კონკურენტებთან მარცხდება - 2014 წლის მონაცემებში ის მხოლოდ მესამე ადგილზეა - BMW 5 series 373,053, Audi A6 303 591, Mercedes-Benz E Class 257,571. ეს ფაქტი კომპანიის მესვეურებისთვის ერთგვარი თავსატეხი გახდა. სწორედ ამიტომ ახალი თაობის მეშვეობით „სამქიმიანები“ შეეცდებიან კონკურენტებთან სხვაობის აღმოფხვრას და ლიდერ პოზიციებზე დაბრუნებას, რომელსაც არავის უთმობდა წინა დეკადებში.

კოკა კვირკველია