ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის თანამშრომელი ანზორ გუნბერიძე დაკავებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

"ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერის ზედამხედველობის პროცესში, რომელიც ეხებოდა ვანდალიზმის შედეგად დაზიანებული ფასადების აღდგენას, კერძოდ კი, ერთ-ერთ ობიექტზე ვითომდა გაკრული პლაკატებისაგან გასუფთავებას, რაც რეალურად არ არსებობდა, ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელს დაამზადებინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი ყალბი აქტი, რის საფუძველზეც მერიიდან აღნიშნულ კომპანიას საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა 5000 ლარი. სანაცვლოდ ბრალდებულმა ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო თანხის ნახევარი, 2500 ლარი", - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.

მათივე ცნობით, ბრალდებული დაკავებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.