CENN-ის ინფორმაციით, ბულაჩაურის გაზიფიცირება თითქმის გადაწყვეტილია

CENN-ის ინფორმაციით, ბულაჩაურის გაზიფიცირება თითქმის გადაწყვეტილია. "დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბულაჩაურის პრობლემები კარგა ხანია, რაც CENN-ის თვალთახედვის არეში მოხვდა და ამ საკითხზე შექმნილმა სპეციალურმა ჯგუფმაც უკვე სრულმასშტაბიანად დაიწყო ფუნქციონირება", - აცხადებენ CENN-ში. მათივე ინფორმაციით, გუშინ, ბულაჩაურის "მწვანე ცენტრში", CENN-ის ინიციატივით, სოფელ ბულაჩაურის სიახლოვეს განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისათვის შექმნილი ჯგუფი კიდევ ერთხელ შეიკრიბა. შეხვედრაში CENN-ის წამომადგენლების გარდა, მონაწილეობა მიიღეს: ეროვნული სატყეო სააგენტოს, განათლების სამინისტროს, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნიის, კომპანია "სოკარის", სოფლის მეურნეობის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა, რომელთაგანაც შექმნილია სამუშაო ჯგუფი და ის სოფელ ბულაჩაურში განვითარებული ბუნებრივი კატასტროფების მართვის კომპლექსურ გეგმას ქმნის.

აღსანიშნავია, რომ გამომდინარე იქიდან, რომ სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეშით თბება, სამუშაო ჯგუფმა მთავარ პრიორიტეტად სოფლის სრული გაზიფიცირება დააყენა. ორგანიზაციის განცხადებით, ამისათვის ენერგეტიკის სამინისტრომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პრიორიტეტების სიაში ბულაჩაურის შეტანის შესახებ. ჯგუფმა ამაზე იმუშავა და ენერგეტიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ბულაჩაურის სრული გაზიფიცირება შესაძლებელია. შეხვედრის დროს, როგორც კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებმა, ირაკლი გურგენიძემ, ასევე განათლების სამინისტროს წარმომადგენელმა, თენგის გუდაძემ, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მოცემული პირობა და მზაობა იმისათვის, რომ სულ მალე, "სოკარ გაზისა" და განათლების სამინისტროს მიერ, ბულაჩაურის საჯარო სკოლის გაზიფიცირება მოხდება.

შეხვედრის დასკვნით ნაწილში სოფელთან ახლოს მდებარე ამორტიზებული საძოვრების საკითხზეც ისაუბრეს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგებლის აზრით, ამ საკითხებს განსაკუთრებული და კომპლექსური მიდგომა სჭირდება. სკოლის დირექტორმა, სოფიო ფრიდონაშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ გაზიფიცირება მომავალი წლის გაზაფხულამდე მოხდება, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას აღნიშნულ სოფელში ეს მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხი. შეხვედრაზე CENN-ის წამომადგენლებმა, რეზო გეთიაშვილმა და გიორგი იორამაშვილმა კიდევ ერთხელ დააყენეს ბულაჩაურის ტყეკაფის საკითხი და განაცხადეს, რომ აღნიშნულმა სოციალურმა ტყეკაფმა საფუძვლიანად დააზიანა სოფლის მიმდებარე ტყის მასივი, ამიტომ, მსგავსი საკითხების პრევენცია მომავალში მაინც აუცილებლად უნდა მოხდეს. განსხვავებული პოზიცია აქვს ადგილობრივი სატყეო სამსახურის წარმომადგენელს, კახა მწითიურს, რომელიც მიიჩნევს, რომ ბულაჩაურის გარშემო არსებული საშეშე მერქანი ადგილობრივ მოსახლეობას კიდევ დაახლოებით ათი წლის მანძილზე ეყოფა და ამაზე ზედმეტი სკანდალისა და ზედმეტი ხმაურის ატეხვა არ ღირს.

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე, კობა არაბულმა თავის სიტყვაში ბულაჩაურში და ზოგადად რეგიონში არსებულ სოციალურ ვითარებაზე ისაუბრა და დამსწრე საზოგადოებას ხელისუფლების მიერ ამ პრობლემების დასაძლევად განხორციელებული ნაბიჯებიც გააცნო.

არაბულის თქმით, აღნიშნული რეგიონის პრობლემებით არასამთავრობო ორგანიზაციები რატომღაც იმ მასშტაბით არ ინტერესდებიან, რაც სასურველია და CENN-ის ასეთი მონდომება და დაინტერესება მისი თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და დასაფასებელია. "ბულაჩაურის პრობლემებზე მომუშავე ჯგუფის წევრებმა შეხვედრა იმ იმედით დაასრულეს, რომ მომავალ წელს, პრობლემების ერთი ნაწილი მაინც იქნება დაძლეული. მთავარი ალბათ მაინც ისაა, რომ პრობლემების მოგვარება დაწყებულია. დასაწყისი კი ბევრს ნიშნავს", - აცხადებენ CENN-ში.