მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ - მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა 3 919-დან 5 794-მდე იზრდება

2016 წელს მცირდება სოციალურად დუცველი სტუდენტებისა და უფასო სასდილოებისთვის გამოყოფილი თანხები

თბილისის მერიის თანამშრომელთა რაოდენობა 2016 წლიდან ასეულობით ათასი დასაქმებულით გაიზრდება. მონიტორინგის ცენტრ ,,მედიატორის” წევრის გივი კუბლაშვილის ინფორმაციით, საუბარია კონკრეტულ რიცხვზეც - მერიას 3 919-ის ნაცვლად, მომავალში სხვადასხვა პოზიციაზე 5 794 თანამშრომელი ეყოლება.

,,ბიზნესპრესნიუსთან” საუბარში გივი კუბლაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ განცხადებას მერიის მიერ დეკემბრის თვეში წარმოდგენილ ე.წ. კორექტირებულ საბიუჯეტო დოკუმენტზე დაყრდნობით აკეთებს.

,,დოკუმენტში გარკვევით არის მითითებული ამ ეტაპზე არსებულ თანამშრომელთა რაოდენობა და ის რიცხვიც, რამდენითაც 2016 წელს მერიაში დასაქმებულთა ბაზა გაიზრდება“, -ამბობს გივი კუბლაშვილი.

მისივე თქმით, როგორც ,,მედიატორისთვის” გახდა ცნობილი, თბილისის მერიასა და გამგეობებში ახალი სამსახურები სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებით იქმნება.

გივი კუბლაშვილი აღნიშნავს, რომ მერიის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში მცირდება სოციალურად დაუცველი სტუდენტებისთვის გამოყოფილი თანხის რაოდენობაც და თუ აქამდე სტუდენტების უწყვეტი სწავლისთვის 1  370 000  ლარი იყო განსაზღვრული, 2016 წელს ეს თანხა 1 300 000-მდე შემცირდება.

კუბლაშვილის განცხადებით, ზოგიერთ რაიონში მცირდება უფასო სასადილოებისთვის გამოყოფილი თანხებიც - ნაძალადევში 114 200 ლარით, ვაკეში - 40 ათასი, სამგორში კი 113 ათასი ლარით. მისივე ინფორმაციით, 2 900 000 ლარი აკლდება დასუფთავების ბიუჯეტსაც.

გივი კუბლაშვილის ცნობით, თბილისის განვითარების ფონდის სახელფასო ბიუჯეტში დიდი რაოდენობის თანხები დანამატებისა და  პრემიებისთვისაც განისაზღვრა. მედიატორის წევრის თქმით, მერიის მხრიდან ამ ტიპის კორექტირებულ ბიუჯეტზე საუბარი ძალიან სამარცხვინოა.

ქრისტინე გამთენაძე