თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა

თბილისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარების ხელშეწყობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და შპს "ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის" გენერალურმა დირექტორმა გიორგი ტაბიძემ მოაწერეს. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის კიდევ ერთი წარმატებული მაგალითი სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის. როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, ადრე ამ ადგილას არაფერი იყო, იყო ტრიალი მინდორი, დღეს კი არის ინფორმაციული ცენტრი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია ამ მიმართულებით.

"ჩვენ შევქმენით ის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, სადაც გვექნება შესაძლებლობა, მოვიზიდოთ მსოფლიოში წამყვანი კომპანიები იმისთვის, რომ მათ აქ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. 30 მილიონი დოლარის ინვესტიცია უკვე განხორციელდა და მომავალში ველოდებით 100 მილიონ დოლარამდე ინვესტიციის ზრდას. აღნიშნული თავისუფალი ინდუსტრიული ზონის და დატა ცენტრის შექმნა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ მან საქართველო მსოფლიო ტექნოლოგიურ რუკაზე გამოაჩინა, როგორც ქვეყანა, სადაც შესაძლებელია აღნიშნული საქმიანობის წარმოება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის პირველი ნიშანი და ამას აუცილებლად მოჰყვებიან სხვა კომპანიებიც. სწორედ ეს არის ის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, რომელიც ქვეყანაში შემოდის და ის დასაქმება, რომელიც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დღეს კომპანია BitFury-მ თბილისში, გლდანში, თბილისის თავისუფალ ზონაში 40 მეგავატი სიმძლავრის ენერგოეფექტური გაგრილების ინოვაციური სისტემით აღჭურვილი დატა ცენტრი გახსნა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მსხვილი კერძო კომპანიის ხელმძღვანელი პირები.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე