82 წლის მონსერატ კაბალიეს, გადასახადებისგან თავის არიდების გამო, პატიმრობა მიუსაჯეს

საოპერო სცენის ცოცხალი ლეგენდა მონსერატ კაბალიე მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. მომღერალი 500 000 ევროს ოდენობის გადასახადისგან თავის არიდებაში დაადანაშაულეს. სასამართლომ მას ჯარიმა და 6-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა. საქმის გამოძიება ჯერ კიდევ შარშან დაიწყო. როგორც გამოძიების შედეგად გაირკვა, მონსერატმა კანონი განზრახ დაარღვია. ბარსელონაში მცხოვრები კაბალიე დიდი ხნის განმავლობაში მალავდა საკუთარ შემოსავლებს და ანდორაში რიცხავდა მათ.

საბედნიეროდ, ნაკლებსავარაუდოა, რომ მომღერალს საკანში ჯდომა მოუხდეს. მას უკვე შეუსრულდა 82 წელი და მისი ჯანმრთელობაც არასახარბიელოა. მან ისიც ვერ შეძლო, რომ სასამართლოში საქმის მოსმენას დასწრებოდა. კაბალიე მოსამართლესთან გარიგებაზე წავიდა და აღიარა დანაშაული. ამასთან, სრულად დაფარა დაკისრებული ჯარიმა. ამ ყველაფრის და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლომ ყველაზე მსუბუქი განაჩენი გამოიტანა, რომლის აღსრულებაც განუსაზღვრელი ვადითაა გადადებული. დიდი ალბათობით პატიმრობა სრულიად გაუქმდება.

მომზადებულია 7days.ru-ს მიხედვით.