ე.წ. ოლიმპიურ სოფელში 561 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

თბილისის ზღვაზე, ე.წ. ოლიმპიურ სოფელში 561 დევნილ ოჯახს თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცა. როგორც დევნილთა სამინისტროში აცხადებენ, პროფესიული კავშირების შენობაში, 111 ერთოთახიანი და 169 ოროთახიანი ბინა ფარული კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. მათივე განმარტებით, სამოთახიანი და ოთხოთახიანი ბინების კენჭისყრა 17-18 დეკემბერს გაიმართება.

"კომისიის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე, სულ 6 ნგრევადი შენობა დაიხურა, მათ შორის ორი დიდი ობიექტი ე.წ. აეროპორტის ჩასახლება და სასტუმრო "კოლხეთი". დღეს, კენჭისყრის პრინციპით ბინები ნგრევად შენობებში მცხოვრებ 130 დევნილ ოჯახზე განაწილდა", - აცხადებენ სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, კენჭისყრის პროცედურას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სობარი, მინისტრის მოადგილეები, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები, სახალხო დამცველის აპარატის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანთა დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

"კენჭისყრის დროს გათვალისწინებული იქნა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ", - აღნიშნავენ უწყებაში.