რეკლამისდამკვეთებმა „შავი პარასკევის“ საძიებო რეკლამაზე 7,3 მილიონი დახარჯეს

მიმდინარე წელს რეკლამისდამკვეთებმა „შავი პარასკევისთვის“ მზადება ტრადიციულზე ადრე დაიწყეს.

ანალიტიკური კომპანია AdGooroo-ს ინფორმაციით, „გუგლის“ დესკტოპ ვერსიაში რეკლამისდამკვეთთა დანახარჯები თემატურ ტექსტურ განცხადებებზე გასულ წელთან შედარებით ერთი თვით ადრე - 27 სექტემბრიდან გაიზარდა.

როგორც აღმოჩნდა, „შავი პარასკევის“ (black friday) შემცველ საძიებო განცხადებებზე რეკლამისდამკვეთებმა 2015 წლის 27 სექემბრიდან 22 ნოემბრის ჩათვლით 7,3 მილიონი დოლარი დახარჯეს.

მთავარ სიტყვაზე Black Friday Deals 3,8 მილიონი დოლარი დაიხარჯა და ეს მხოლოდ „გუგლის“ ტექსტურ განცხადებებზე. ამავე სიტყვების ნაკრებს ყველაზე მეტი ნახვები ჰქონდა - 50 ათასი, ხოლო თავად „შავ პარასკევს“ - 17 ათასი.

დანახარჯების მხრივ ლიდერი კომპანია Target გამოდგა, რომელმაც „გუგლში“ შავი პარასკევის საძიებო რეკლამაზე 1 მილიონი დახარჯა, „ამაზონმა“ კი 790 ათასი დოლარი.

ამერიკაში „შავი პარასკევი“ ყოველწლიურად ნოემბრის ბოლო პარასკევს იმართება.