რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი 8564 ადამიანს გაუძვირდება

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით ზრდის.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 8.0%-ს შეადგენს. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხებზე პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ცნობით, 2015 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5838 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2726 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8564 ადამიანს გაუძვირდება. 2015 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხის რაოდენობა 12-ით გაიზარდა, ხოლო ბიზნეს სესხის რაოდენობა კი 35-ით შემცირდა. ჯამში იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხი ჰქონდა, 2015 წლის 1 ოქტომბერთან შედარებით 23-ით არის შემცირებული.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც საქართველოს ეროვნული ბანკი აგრძელებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების საპასუხოდ.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.

მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილება დამოკიდებული იქნება ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელზე, მასზე მოქმედ ფაქტორებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე და ზოგადად ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე.