აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის ბულვარს 11 მილიონი ლარი გამოუყო

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ბათუმის ბულვარს 11 მილიონი ლარი გამოუყო, - ამის შესახებ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა დავით ბალაძემ თემის კომენტირებისას განაცხადა. მან ბულვარის რეაბილიტაციის პირველი სამი მიმართულება დაასახელა და განმარტა, რომ კონცეფციის საბოლოო ვარიანტის შემუშავებამდე საჯარო განხილვები მოეწყობა.

"სასტუმრო "კემპინსკიდან" კაფე "ტყუპებამდე" მოუწესრიგებელია ტერიტორია და პირველი მიმართულებაა ამ ნაწილის მოწესრიგება. უნივერსიტეტის წინ არსებული მოედნის, რომელიც დღეს პარკირების ადგილადაა გამოყენებული, რეაბილიტაცია განხორციელდება. სასტუმრო "ჰილტონის" მიმდებარედ განვითარდება ინფრასტრუქტურა. განხორციელდება მიწისქვეშა სამუშაოები, კანალიზაციის მილები გამოიცვლება, სანიაღვრე არხები გაკეთდება. გათვალისწინებული იქნება თანამედროვე სანათების შემოტანა, რომელიც სიძველესთან ასოცირდება. ახალი სკამები დაიდგმება. კონცეფცია მაისში დასრულდება. მანამდე კი საჯარო განხილვები მოეწყობა", - აღნიშნა დავით ბალაძემ.

დავით ბალაძე არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, ბულვარის ტერიტორიებზე არსებული შენობების მესაკუთრეებთან დაკავშირებით, კრიტიკითვე პასუხობს და აცხადებს, რომ იჯარით აღებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით კონცეფცია მოსაფიქრებელია.

"არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პოზიცია, რომ მესაკუთრეებს ერთი თეთრიც არ უნდა გადავუხადოთ, გამაოგნებელია. მე ვთქვი, პირობითი ციფრი, 10 მილიონიც რომ დაჯდეს ბულვარში არსებული უსახური შენობა-ნაგებობების გათავისუფლება, ვფიქრობ, რომ ეს ხარჯი უნდა გავიღოთ, მაგრამ ეს რა თქმა უნდა პირობითი ციფრი იყო. ასეთი დამოკიდებულება, რომ მესაკუთრეებს ერთი თეთრიც არ უნდა გადავუხადოთ, ამ ხელისუფლებას მსგავსი რამ არ გაუკეთებია და არც გააკეთებს. ბულვარში 10 ობიექტია, რომლებსაც იჯარასთან დაკავშირებით ამოეწურათ ვადები. მისაღებია გადაწყვეტილება თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს, კომპენსაციები იქნება გადასახდელი ან ახალი ფორმა იქნება მოსაფიქრებელი. მნიშვნელოვანია, როგორც ბულვარის ინტერესების დაცვა, ასევე მესაკუთრეების დაცვა", - აღნიშნა დავით ბალაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას უპასუხა ასევე, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მირანდა ჩარკვიანმა. მისი განმარტებით, ბრალდება, რომ რეკრეაციული ტერიტორია მცირდება, სიმართლეს არ შეესაბამება.

"არცერთი ხე არ იქნება განადგურებული და მოჭრილი, პირიქით დაემატება სიმწვანე. კონცეფციაში წარმოდგენილი არქიტექტურა, განსხვავებით იმ რკინა-ბეტონის ნაგებობებისა, რომელიც ბულვარშია წარმოდგენილი, იქნება სრულიად მსუბუქი კონსტრუქციის და შერწყმული ბულვართან. ეს არის მხოლოდ იმისთვის, რომ ტურისტებს შევთავაზოთ სერვისები, რომელიც აუცილებელია, იყოს ბულვარში", - აღნიშნა მირანდა ჩარკვიანმა.

ბათუმის ცენტრალური ბულვარის ახალი კონცეფციის განხილვა ხმაურის ფონზე ჩატარდა. კონცეფციის პროექტის ვიდეო რგოლის წარდგენას სამსაათნახევრიანი მწვავე დისკუსია მოჰყვა. არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის განსაკუთრებული პროტესტი ბულვარში არსებული სამი ხეივნის ორამდე შემცირების გეგმამ და ახალი ინფრასტრუქტურის შექმნის იდეამ გამოიწვია. შუა ხეივნის ტერიტორიაზე ახალი კაფეების, შადრევნებისა და დასასვენებელი ადგილების მოწყობა ბათუმელებმა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ძეგლზე უხეშ ჩარევად შეაფასეს. ბულვარის კონცეფციის შემუშავებისთვის 250 ათასი ლარი დაიხარჯა. პროექტზე შპს "სასტუმრო ოაზისი" მუშაობს. ბათუმის ბულვარის განაშენიანება 1880-იან წლებში დაიწყო.