მამაკაცების ხელფასი ქალებისას 62%-ით აღემატება

საქართველოში საშუალო ხელფასი 930 ლარია. ამას ამტკიცებენ სტატისტიკოსები, თუმცა რეალურად მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ამ ოდენობის ხელფასი სანატრელია. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, საყურადღებოა ისიც, რომ ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მამაკაცების ჯამაგირი ქალებისას 62%-ით აღემატება. 2015 წლის მე-3 კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 930 ლარია. ყველაზე მაღალი საშუალო ხელფასი საფინანსო სექტორშია - 1500 ლარი. მას მოსდევს მშენებლობა - 1412 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე - 1313 ლარით სახელმწიფო მმართველობაა. მას მოსდევს სამთო-მოპოვებითი მრეწველობა - 1230 ლარი, ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 1220 ლარი. ყველაზე დაბალი ჯამაგირი სოფლის მეურნეობასა და განათლების სექტორში დასაქმებულებს აქვთ - 470-800 ლარი. მათ ოდნავ უსწრებს მომსახურებს სექტორი.

რაც შეეხება ქალებისა და კაცების საშუალო ანაზღაურებას, აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი ანაზღაურება საჯარო სექტორში დასაქმებულ მამაკაცებს აქვთ, სადაც საშუალო ხელფასი - 1335 ლარია. ასევე ყველაზე მაღალი ხელფასი აქვთ საჯარო სექტორში დასაქმებულ ქალებს, ამ შემთხვევაში მათი ჯამაგირი 1260 ლარია. აღნიშნულთან დაკაშვირებით "რეზონანსს" ეკონომისტებზე დაყრდნობით არაერთხელ დაუწერია, რომ საშუალო ხელფასის დათვლისას დასახვეწია მეთოდოლოგია. ამ მაჩვენებელში შედის ტოპ-მენეჯერებისა და განსაკუთრებული ხელშეკრულებით მომუშავეთა ხელფასები. განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნებში საშუალო ხელფასის მაჩვენებლის დადგენისას წინასწარ გამორიცხავენ დიდი ანაზღაურების მქონე ადვოკატების, მსახიობების, სპორტსმენების, ბიზნესმენების ანაზღაურებას. მხოლოდ ამის შემდეგ დგინდება საშუალო მაჩვენებელი, რათა ხელფასის დონე რეალობასთან ახლოს იყოს.

"საქართველოში არსებული მეთოდოლოგია ყველა დასაქმებულის ხელფასს ითვალისწინებს, ამიტომ საშუალო ხელფასის მაჩვენებელი ხელოვნურად იზრდება. მეორე ფაქტორია ის, რომ აღნიშნული 930 ლარი ნომინალური ხელფასია და არა "ხელზე ასაღები". ამ სტატისტიკური გათვლებითაც კი საშუალო ხელფასი 746 ლარი გამოდის", - ამბობს სოსო არჩვაძე და დასძენს, რომ გაცილებით დიდი პრობლემაა ის, რომ ხელფასის ამღებთა კონტინგენტი არ იცვლება. საქართველოში დაქირავებით დასაქმებულია დაახლოებით 700 ათასი ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ ახალი აღწერით მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, ყოველ 1000 კაცზე 3-ჯერ ნაკლებია დაქირავებით დასაქმებული, ვიდრე ამერიკაში. ამიტომ დასაქმება იყო და რჩება მთავარ პრობლემად.

"ის, რომ საშუალო ხელფასი ოფიციალურად შედარებით მაღალია, ეს კი არ არის მთავარი, მთავარია ის, რომ საქართველოში დასაქმების მაღალი მაჩვენებელი იყოს. წინ წავედით ანაზღაურებაში და რაოდენობა ისევ სერიოზულ პრობლემად რჩება. ამიტომ არის, რომ შემოსავლის მისაღებად ზოგი უცხოეთში მიდის, ზოგი კაზინოს და სხვა სათამაშო ბიზნესს სტუმრობს, ზოგიც პოლიტიკურ პარტიას აფარებს თავს - იქნებ იქიდან რაიმე იხეიროს ან ახლა, ან უახლოეს მომავალში", - ამბობს სოსო არჩვაძე.

გარდა ამისა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემბეში საინტერესოა კიდევ ერთი დეტალი. მამაკაცების საშუალო ხელფასი 426 ლარით აჭარბებს ქალების საშუალო ხელფასს. კერძოდ, მამაკაცების ანაზღაურება 1129 ლარია, ხოლო ქალების - 697 ლარი. ქალები მუშაობენ იმ სექტორებში, სადაც ყველაზე მეტი დასაქმებულია და ყველაზე დაბალი ხელფასია - ვაჭრობა, მომსახურების სფერო, განათლება, შესაბამისად, საქართველოში რეალური საშუალო ხელფასი 700 ლარს არ აღემატება. სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ქალებისა და მამაკაცების ხელფასების თანაფარდობა სერიოზულ პრობლემად რჩება და ამ მაჩვენებელმა ჯერ კიდევ ვერ მიაღწია იმ თანაფარდობას, რომელიც საბჭოთა პერიოდში არსებობდა - 75%. "ახლა ნახევარზე ოდნავ მაღალი მაჩვენებელია და ეს გამოსასწორებელია", - ამბობს სოსო არჩვაძე.

იგი მიიჩნევს, რომ მაღალანაზღაურებად თანამდებობებზე მარტო კვოტის შემოღება-არშემოღებაზე აღარ არის საუბარი, სახელმწიფომ ქალთა შესაძლებლობების უფრო სრულად გამოსავლენად მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს. სხვათა შორის, ქალბატონების ანაზღაურება განვითარებულ ქვეყნებში საკმაოდ მაღალია. იქ მამაკაცების ხელფასის ოდენობა დაახლოებით 30%-ით აჭარბებს ქალთა ანაზღაურებას.

მაკა ხარაზიშვილი

გაზეთი "რეზონანსი"