ყალბი 50-ლარიანი კუპიურის დამზადება-გასაღების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ყალბი ფულის დამზადებისა და გასაღების ფაქტზე ორი მოქალაქე დააკავა. როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, საქმეზე ჩატარებული ოპერატიულ - სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ ბრალდებულები - ქეთევან ტიღაშვილი და უჩა გიორგობიანი წინასწარ შეთანხმებით, სისტემატიურად ამზადებდნენ და თბილისში მდებარე სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ ყალბ 50 ლარიან კუპიურებს.

დაკავებულთა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სხვადასხვა ნივთები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა ყალბი კუპიურების დამზადება.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობას.