აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა

აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ 2006 წლის შემდეგ პირველად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი წლიური 0,25-0,50 პროცენტამდე.

ანალიტიკოსთა განცხადებით, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს მსოფლიო ბაზრებზე.

„როგორც იქნა, შეგვიძლია ვისაუბროთ ეკონომიკის აღდგენაზე. თუმცა, ეს პროცესი არ დასრულებულა. ეკონომიკური აქტივობა ზომიერი ტემპებით გაგრძელდება, შრომის ბაზრის მაჩვენებელი კი გამყარდება“, - განაცხადა FED-ის ხელმძღანელმა ჯანეტ იელინმა.

გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის შესახებ სხდომაზე საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის განაკვეთი ეს არის პროცენტი, რომელსაც ამერიკული ბანკები ქვეყნის ცენტრალური ბანკისგან კრედიტის სახით იღებენ. 2008 წელს, ამერიკაში ეკონომიკური კრიზისის დაწყების შემდეგ, ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი რეკორდულად დაბალ მაჩვენებლამდე, თითქმის ნულამდე დაწია - 0-0,25%.

ანალიტიკოსთა პროგნოზით, რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა 2008 წლის რეცესიის შემდეგ აშშ-ის ეკონომიკის მკვეთრ გაძლიერებაზე მიუთითებს - უმუშევრობა დაბალ მაჩვენებელზეა - 5%, ინფლაცია არ გაზრდილა ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ დაწესებულ ზღვრამდე - 2%.

ამერიკის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე წუთში ქვეყნის საფონდო ინდექსები 1%-ზე მეტით გაიზარდა - Dow Jones-ის ინდექსი 1,28%-ით, NASDAQ-ის ინდექსი 1,52%-ით, S&P-ის - 1,45 პროცენტით.