რა დაგიჯდებათ წელს საახალწლო სუფრა

თბილისი საახალწლოდ უკვე მორთული და განათებულია.ახლოვდება დღესასწაულები, რომლებისთვისაც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა თადარიგს ნაადრევად იჭერს და ოჯახს საჭირო, აუცილებელი თუ "ფუფუნების" საგნად ქცეული სურსათითა და პროდუქტით ამარაგებს. სულ ცოტა ხნის წინ მავანმა მაღალი ტრიბუნებიდან გვირჩია, ბაზარში გასვლისა და საოჯახო მენიუს ორგანიზება უფრო "ჭკვიანურად" მოგვეხერხებინა. ისიც გვითხრეს, რომ კარგმა დიასახლისმა უკეთ უნდა იცოდეს, როდის და სად იყიდოს საჭირო პროდუქტი ნაკლები დანახარჯით. ამიტომ, რჩევას აყოლილებმა საშობაო სურსათის ფასების გაგება ახალ წლამდე ორი კვირით ადრე, "ცხელი სავაჭრო" დღეების დადგომამდე გადავწყვიტეთ.

თბილისის ყველაზე დიდი, "დეზერტირების" ბაზრობის მიმდებარე ტერიტორია, რომელიც ჩვეულებრივ დღეებშიც საკმაოდ ხალხმრავალია, ჯერჯერობით საშობაო საყიდლებისთვის გამოსული კლიენტების ნაკლებობას განიცდის. ბაზარში ბევრი მოვაჭრე, დიდი რაოდენობის საახალწლო სუფრის პროდუქტი და ცოტა მყიდველია. "ხალხს ფული არ აქვს", "მსხვილმა სუპერმარკეტებმა ბაზარი ჩაანაცვლეს", "ადამიანი აქ წესიერად მანქანას ვერ გააჩერებს", "ყველას სუფთად ჩაცმულ-დავარცხნილების მომსახურების მიღება ურჩევნია", "ამ დროს უკვე კარგი ვაჭრობა უნდა გვქონოდა"... მოკლედ, რა მიზეზს არ გაიგებ, რა პრობლემას არ გადაეყრები იქ, სადაც ყველაზე უკეთ იგრძნობა ხალხის ნამდვილი პულსაცია. როგორც ჩანს, წელს მთავრობამ არა, მაგრამ მოსახლეობამ ისე შემოიჭირა ქამრები, რომ "დეზერტირების" მოვაჭრეებს პროდუქტის რეალიზებაზე ფიქრი და ნერვიულობა ახალი წლის წინა დღეებშიც მოუწევთ.

საშობაო სუფრა შემწვარი გოჭის, ინდაურის საცივის, ყველის ასორტის, ჩირის, ჩურჩხელისა თუ გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია, ბაზარში ყველა საჭირო ინგრედიენტი უკვე საკმაოდ უხვადაა წარმოდგენილი. ფასები მაღალია თუ დაბალი მკითხველი ალბათ, თავად გადაწყვეტს. იმასაც უკეთ განსაზღვრავს შემოსავლის რა ნაწილი დაეხარჯება საახალწლო სუფრის ორგანიზებისათვის. საშუალო ზომის ინდაურის ფასი წელს 60 ლარია, ერთი კილოგრამი საქონლის ხორცის შეძენა 11 ლარადაა შესაძლებელი, ღორის სამწვადე კი 12 ლარი ღირს, 7-8 კილოგრამიანი გოჭი 120-130 ლარი დაგიჯდებათ, ერთი კილო იმერული ყველი 9, სულგუნი 13, შებოლილი სულგუნი კი 15 ლარი ღირს. ნიგვზის ფასი 15 ლარიდან იწყება და 25 ლარამდე ადის, ქამა სოკოს ფასი ჯერჯერობით 7-დან 10 ლარამდე მერყეობს, თუმცა ფასის მომატებას ვარაუდობენ, მოვაჭრეები ამბობენ, რომ შედარებით გაძვირდება ცოცხალი თევზიც, რომელიც ჯერჯერობით 10 ლარი ღირს, თაფლს 15 ლარად შეიძენთ. ჩურჩხელა - 1,50-დან 3 ლარამდე, ერთი ასხმა კარალიოკის ჩირი კი 5 ლარი ღირს.

მოვაჭრეების თქმით, ყველა ზემოთ ჩამოთვლილ პროდუქტს, ახალი წლის წინა დღეებში ფასი მცირედით მოემატება, თუმცა როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, ღირებულების რაოდენობა მაინც შემოსული საქონლის რაოდენობასა და მყიდველის მსყიდველობითუნარიანობაზე იქნება დამოკიდებული.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE