Aston Martin-ის დიადი გეგმები

ლეგენდარული ბრიტანული კომპანია Aston Martin მომავალი კვირების განმავლობაში გადაწყვეტს, თუ სად გახსნის ახალ ქარხანას, სადაც კომპანიის სამოდელო გამაში კიდევ ერთი მოდელის - ქროსოვერის წარმოებას დაიწყებენ.

როგორც „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, ადგილებს შორის განიხილება ოთხი ვარიანტი, მათ შორის ორი - ბრიტანეთში, ერთი - აშშ-ში და ერთიც - ახლო აღმოსავლეთში.

გეგმის თანახმად, ახალ ქარხანაში ყოველწლიურად 5 000 ახალი ქორსოვერის - DBX-ის წარმოება იგეგმება. კომპანიის ხელმძღვანელის ენდი პალმერის განცხადებით, სასურველი იქნებოდა ახალი წარმოების ბრიტანეთში გახსნა, მაგრამ ამისთვის პირველ ყოვლისა, დაფინანსების მოძიებაა საჭირო.

Aston Martin-ს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საწარმო გააჩნია, რომელიც ცენტრალურ ინგლისში - გაიდონში მოქმედებს.. რაც შეეხება სხვა სამომავლო გეგმებს, კომპანიაში ასევე ფიქრობენ Lagonda-ს ბრენდის აღდგენას. ამასთან, განიხილავენ ფორმულა 1-ში დაბრუნებასაც. ამ ნაბიჯებმა კი სპორტული ავტომობილების პრემიუმ ავტომწარმოებელი მოგებაზე უნდა გაიყვანოს, ვინაიდან კომპანია ბოლო რამდენიმე წელია წაგებაზე მუშაობს.

Aston Martin-ის გაყიდვები ბოლო რვა წელია მცირდება. თუ 2007 წელს კომპანიამ 7300 ავტომობილი გაყიდა, გასულ წელს მხოლოდ 3661 ავტომობილის რეალიზება მოახერხა. ბრიტანელები 2020 წლისთვის 15 000  ავტომობილის გაყიდვას გეგმავენ.

კოკა კვირკველია