საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა კომიტეტმა უკრაინის ვალი რუსეთის წინაშე ოფიციალურად ცნო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა კომიტეტმა უკრაინის ვალი რუსეთის წინაშე ოფიციალურად ცნო. ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იტყობინება. საუბარია 3 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ევრობონდებზე. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზის თანახმად, აღნიშნული საკითხი ფონდის დირექტორთა საბჭომ რუსეთის ინიციატივით, გამარტივებული პროცედურით განიხილა.

"ევრობონდების საკითხში რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა, რომ მათი მოთხოვნა ოფიციალურია. ხელმისაწვდომი ინფორმაცია ამას ადასტურებს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც "ბიბისი" წერს, 2013 წელს რუსეთმა უკრაინას 15 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის კრედიტი მისცა. აქედან 3 მილიარდი აშშ დოლარი ირლანდიის საფონდო ბირჟაზე განთავსდა. აღნიშნული ბონდები რუსეთმა ეროვნული კეთილდღეობის ფონდის სახსრებით შეიძინა.

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა დავალიანებას არ გაისტუმრებს, რუსეთის ფინანსთა სამინისტრო სასამართლოში სარჩელს შეიტანს.

უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენი იაცენიუკის განცხადებით, უკრაინა სასამართლო დავისთვის მზად არის, რადგან მიაჩნია, რომ აღნიშნული დავალიანება კომერციულ ხასიათს ატარებს.