ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით  მემორანდუმს მოეწერა ხელი

შემოსავლების სამსახურს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა და რეალიზატორთა ასოციაციასა (ნია) და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირს შორის ნავთობპროდუქტების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოეწერა ხელი.

სასტუმრო "რუმს თბილისში" გამართულ ხელმოწერის ცერემონიას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური დაესწრო.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კოტრიკაძემ და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვანო მთვრალაშვილმა.

როგორც შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა განაცხადა, მემორანდუმზე ხელმოწერა იმის ნათელი დადასტურებაა, თუ როგორ შეიძლება ბიზნესმა და სახელმწიფომ უკეთესი გარემოს შესაქმნელად, ერთობლივი, ქმედითი ნაბიჯები გადადგან. მემორანდუმი, რომელიც ნავთობპროდუქტების სფეროში ევროკავშირის სტანდარტის დამკვიდრების მიმართულებით სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ძალისხმევას გააერთიანებს, ხელს შეუწყობს, როგორც ქვეყნის ფისკალურ სტაბილურობას, ასევე დაიცავს მომხმარებელთა ინტერესებს და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკოლოგიურ გარემოს.