ჩინელი წყვილები მეორე ბავშვის ყოლას ხარჯიანად მიიჩნევენ

ცოტა ხნის წინ ჩინეთის ხელისუფლებამ ქვეყნის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ათწლეულების განმავლობაში მოქმედი “ერთი ბავშვის პოლიტიკა“ გააუქმა.

აღნიშნული პოლიტიკა ჩინეთში მცხოვრებ ოჯახებს ორი და მეტი ბავშვის ყოლას უკრძალავდა. თუმცა, გაუქმებული მოდელის მიუხედავად, ჩინელი წყვილები მეორე ბავშვის ყოლას არ ჩქარობენ.

The Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინელი მშობლების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მეორე ბავშვის ყოლა მემკვიდრის „ფინანსური ღალატი“ იქნება.

ერთ-ერთი ჩინელი ქალბატონის ჩენ ძიანის თქმით, კერძო სკოლა, სადაც მისი შვილი სწავლობს, ოჯახს წლიურად 4,7 ათასი დოლარი უჯდება, ინგლისურისა და ფორტეპიანოს კერძო გაკვეთილებში კი 1 500 დოლარს იხდიან.

„მიუხედავად იმისა, რომ 8 წლის ბიჭუნას აღზრდაზე ოჯახს შემოსავლების მხოლოდ 3-დან 5%-მდე ეხარჯება, ჩენ ძიანი ამბობს, რომ მეორე შვილის ყოლას არ აპირებს, რადგან ეს მათ ხარჯებს მკვეთრად გაზრდის“, - წერს The Wall Street Journal.

ფინანსების სამხრეთ-აღმოსავლეთ უნივერსიტეტის მონაცემებით, ბავშვის შეძენიდან პირველი 18 წლის განმავლობაში ჩინელი მშობლები შემოსავლების საშუალოდ, მესამედს ხარჯავენ მასზე, რაც დაახლოებით 30 ათასი დოლარია. აშშ-ში კი ეს მაჩვენებელი 245 ათას დოლარამდეა.