მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ექსპერტი "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში" შეხვედრებს მართავს

მსოფლიო ბანკის საერთაშორისო ექსპერტი ჰელსი როჯერსი "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში" სამუშაო შეხვედრებს მართავს. როგორც "მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში" აცხადებენ, საერთაშორისო ექსპერტი ჰელსი როჯერსი ცენტრში შეხვედრებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემასა და საქართველოში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სხვა საკითხებთან დაკავშირებით მართავს. ცენტრის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილება მასწავლებლის პროფესიის რეგულირების ახალი პოლიტიკა და მისი მნიშვნელოვანი კომპონენტები, მათ შორის მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკა, სკოლების დაფინანსების მექანიზმი, დამატებითი სარგებელი მასწავლებლებისთვის, რისკ-ჯგუფები, მასწავლებლის პროფესიაში ახალი კადრების მოზიდვა, მასწავლებლის აკადემიური პროგრამებით მომზადება და შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება.

"საერთაშორისო ექსპერტის ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილ სამუშაო შეხვედრებზე ასევე განიხილება სკოლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერის მიზნით 2016-2020 წლის სტრატეგიული მიმართულებები, მათ შორის სქემის მონიტორინგის და შეფასების, შეფასების ჯგუფების მომზადებისა და დამწყები მასწავლებლების ხელშეწყობის საკითხები", - განაცხადეს ცენტრში.

მათივე თქმით, მსოფლიო ბანკის ექსპერტი საქართველოს 4-დღიანი ვიზიტით სტუმრობს. ვიზიტი საქართველოს განათლების სექტორის მხარდაჭერისა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისათვის ტექნიკური დახმარების გაწევის მიზნით მიმდინარე საკითხების გაანალიზებასა და კონსულტირებას ითვალისწინებს.