თბილისის სასტუმროების 300-მა თანამშრომელმა გადამზადების კურსი გაიარა

თბილისის მერიის ორგანიზებით, დედაქალაქის სასტუმროების 300-მა თანამშრომელმა გადამზადების კურსი გაიარა. როგორც დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, სასწავლო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ გადასცა.

"თბილისის მერია პერიოდულად ახორციელებს პროგრამებს, რომლის ფარგლებშიც ხდება ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული პერსონალის გადამზადება. სასტუმროების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლება და მათთვის ტურიზმის ინდუსტრიაში არსებული ახალი მიმართულებების გაცნობა ჩვენ საშუალებას მოგვცემს, უფრო ეფექტური ვიყოთ მასპინძლობაში და უფრო მეტი კმაყოფილი ადამიანი წავიდეს თბილისიდან", - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის საქალაქო სამსახურის ორგანიზებით დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული სასტუმროების თანამშრომლებისთვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები სექტემბერში დაიწყო. ორი თვის განმავლობაში ტურიზმის სფეროს განვითარების მიზნით გადამზადების კურსებში მონაწილეობა თბილისის სასტუმროებში (საერთაშორისო ქსელის მქონე სასტუმროების გარდა) დასაქმებულმა პირებმა მიიღეს. ტრენინგი სასტუმროების მენეჯერებმა, რეგისტრატურის, კვების ბლოკისა და ნომრების მომსახურე თანამშრომლებმა გაიარეს. სასწავლო კურსის მონაწილეები ეფექტური მომსახურების პრინციპებს და სტანდარტებს, მომსახურების სფეროში შექმნილი პრობლემური სიტუაციების მართვის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სანიტარული ნორმების დაცვის საკითხებს და სხვა, სასტუმროს პერსონალისთვის აუცილებელ უნარ-ჩვევებს გაეცნენ.