ირაკლი ნადირაძე - თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის ბიუჯეტი 12 მლნ ლარით მცირდება

თბილისში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით მცირდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. ირაკლი ნადირაძის თქმით, თბილისში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ღონისძიებების ბიუჯეტი მცირდება, იმის ნაცვლად, რომ დედაქალაქში საცობებია და ამ პრობლემის მოსაგვარებლად დაფინანსება გაზრდილიყო. ირაკლი ნადირაძის ინფორმაციით, გასულ წელს ამ მიზნით 115 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი და თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით კი 103 მილიონი ლარი იქნება.

"ამ კლების ფარგლებში ისინი კიდევ დამატებით ერთ მილიონ ლარს გამოყოფენ საკონსულტაციო მომსახურებისათვის. კერძოდ, ჩატარდება კვლევა, როგორ განიტვირთოს ქალაქი საცობებისაგან. ამ კვლევის ჩატარების ნაცვლად, უკეთესი იქნებოდა ერთი მილიონი ლარი ქალაქში ორმოების ამოვსებას და გზების სამუშაოებს მოხმარებოდა", - აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ. საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, გასულ წელს თბილისის მერიამ 18-მილიონიანი სესხი აიღო გზების მოსაწესრიგებლად, მომავალ წელს კი თბილისელებს მოუწევთ ამ სესხის 2 მილიონი ლარით მეტის გადახდა, ვიდრე აქამდე ხდებოდა.