მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენელთა და "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის ხელფასებზე ზედა ზღვარის დაწესებას კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის საპარლამენტო კომიტეტმა მარეგულირებელი კომისიების წარმომადგენელთა და "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელის ხელფასებზე ზედა ზღვარის დაწესების ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. ოპოზიციონერი დეპუტატის აკაკი ბობოხიძის საკანონმდებლო ინიციატივის განხილვას თავად მარეგულირებელი ორგანოების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. როგორც მათ აღნიშნეს, კანონპროექტი ერთი მხრივ ზღუდავს მათ დამოუკიდებლობას, ხოლო მეორე მხრივ, ევროპულ რეგულაციებს ეწინააღმდეგება. კანონპროექტთან დაკავშირებით უარყოფითი პოზიცია კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემაც დააფიქსირა, რომლის შეფასებითაც, ხელფასების შემცირება მაღალი კვალიფიკაციის კადრების კერძო სექტორში გადინებას გამოიწვევს.

აკაკი ბობოხიძის საკანონმდებლო პროექტებით, სემეკისა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარეების ხელფასები საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთს არ უნდა აღემატებოდეს, ხოლო კომისიის წევრთა ხელფასი – საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა ყოველთვიურ შრომით ანაზღაურებას. იგივე ეხება საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელს. აკაკი ბობოხიძის განმარტებით, კანონპროექტების შემუშავების მიზეზია შეუსაბამოდ მაღალი სახელფასო განაკვეთი.

დეპუტატის ინფორმაციით, "საპარტნიორო ფონდის" მთავარი აღმასრულებლის ხელფასი 21 ათასი ლარით არის განსაზღვრული, კომუნიკაციის ეროვნული კომისიის თავმჯდომარის ხელფასი 16 640 ლარია, სემეკის თავმჯდომარის ხელფასი – 12 ათასი ლარი, ხოლო წევრების – 11 900 ლარი.