თბილისის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 214 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდება

2016 წლის თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტის პროექტით, ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 214 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდება. ბიუჯეტის ზრდა, 2015 წელთან შედარებით, 3 647 000 ლარს შეადგენს. დღეს, თბილისის საკრებულოში ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაზე 2016 წლის თბილისის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. საკითხი სხდომაზე კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ფავლენიშვილმა წარმოადგინა. ირაკლი ფავლენიშვილმა იმ პროგრამებზე ისაუბრა, რომელთა დაფინანსებაც მომავალ წელს იგეგმება: ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანსება, რომლისთვისაც 3 მილიონ ლარზე მეტი თანხაა გათვალისწინებული; ასევე, მოხდება ფსიქიური ჯანმრთელობის პროგრამის დაფინანსება, რომელიც პირველი მარტიდან ამოქმედდება და მისი ბიუჯეტი 250 000 ლარი იქნება; ორთოპედიულ დაავადებათა სკრინინგის პროგრამისათვის გათვალისწინებულია 500 000 ლარი; აუტიზმის დარღვევის მქონე ბავშვების რეაბილიტაციისთვის 1 320 000 ლარი; ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დაფინანსება კვლავ რჩება პრიორიტეტად და, ფავლენიშვილის განცხადებით, ლეიკემიით დაავადებულთა ასაკი ამჯერად 40 წლამდე გაიზარდა, შესაბამისად პროგრამის დაფინანსებისთვის 2 მილიონი ლარია გათვალისწინებული; 2016 წლის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტის პროგრამით, ასევე, ცე ჰეპატიტის დიაგნოსტიკაა გათვალისწინებული, რომელიც 800 000 ლარით დაფინანსდება.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდათ. საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა კომისიის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა, მოხდებოდა თუ არა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, კერძოდ მძღოლებისთვის, მემანქანეებისთვის, მუშებისთვის, ბაღის პედაგოგებისათვის, დასუფთავების სფეროს თანამშრომლებისათვის და სხვა პერსონალისათვის, რომლებიც დედაქალაქში ყოველდღიურად მძიმე შრომას ეწევა, მათი ანაზღაურების გაზრდა 20%-ით. ამ შეკითხვაზე დათუკიშვილმა პასუხად მიიღო, რომ ეს საკითხი შემდგომ შესაძლოა ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს სხდომაზე განხილვის დროს განიხილონ.

სხდომაზე ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატების" წევრმა, თამარ ცინცაბაძემ დააყენა საკითხი ბიუჯეტში ლეიკემიით დავადებულთა მკურნალობის პროგრამაში ასაკობრივი ზღვარის საერთოდ მოხსნის შესახებ, ასევე თამარ ცინცაბაძემ ითხოვა ხანდაზმულებისათვის მოხდეს კბილების პროტეზირების დაფინანსება, რადგან შემდგომ ამ პრობლემის გამო ასაკოვნებში კუჭ-ნაწლავის პრობლემები მატულობს და ამ ადამიანების მკურნალობის ხარჯები სახელმწიფოს უფრო ძვირი უჯდება.