მარიკა დათუკიშვილი - თბილისის მერია ხელფასების, დანამატებისა და პრემიებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 5 მილიონი ლარით ზრდის

თბილისის მერია ხელფასების, დანამატებისა და პრემიებისთვის გათვალისწინებულ ბიუჯეტს 5 მილიონი ლარით ზრდის, - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს თბილისის საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მარიკა დათუკიშვილმა განუცხადა. მარიკა დათუკიშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტის პროექტის პროგრამებთან დაკავშირებით. მისი თქმით, საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" წევრების ინიციატივა იყო თბილისის მერიას ხელფასები 20%-ით გაეზარდა მოწყვლადი ჯგუფებისათვის, კერძოდ, მემანქანეებისთვის, მძღოლებისთვის, ბაღების პედაგოგებისთვის, მეეზოვებისთვის და ყველა იმ პერსონალისთვის, რომლებიც თბილისში ყოველდღიურად მძიმე შრომას ასრულებენ. საკრებულოს ოპოზიციური წევრის თქმით, ხელფასების 20%-იანი ზრდის შემთხვევაში, ამ პირებს ხელფასი 150-300 ლარამდე გაეზრდებოდათ. მარიკა დათუკიშვილმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე მან ვერ მიიღო კოლეგებისაგან პასუხი, მოხდებოდა თუ არა მათი ინიციატივის გათვალისწინება.

"მე ვერ მივიღე მათგან პასუხი, მოწყვლადი ჯგუფებისათვის ხელფასის 20%-ით გაზრდასთან დაკავშირებით. ეს უპასუხობაც პასუხია, რომ მათ არ აქვთ პოზიცია ამ მოწყვლად ჯგუფებს, რომლებიც მძიმე შრომას ეწევიან, ხელფასი მოუმატონ. ამის ფონზე არ დავიწყებიათ თავისი აქტივისტებისთვის ხელფასის გაზრდა, რომელიც შემოსული ბიუჯეტის პროექტში გაიზრდება 5 მილიონი ლარით", - განაცხადა დათუკიშვილმა.

მისივე თქმით, ჯანდაცვის ბიუჯეტის სოციალური მუხლი 4,7 მილიონი ლარით არის შემცირებული, ეს მაშინ, როდესაც დედაქალაქში სამედიცინო მომსახურება გაძვირებულია, მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა. "რატომღაც ნარმანიამ და მისმა ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ სოციალურად დაუცველ ადამიანებს ესაჭიროებათ იმაზე ნაკლები დახმარება, ვიდრე გასულ წელს სჭირდებოდათ", - აღნიშნა მარიკა დათუკიშვილმა.