კახა კალაძე – მივესალმებით, თუ რუსეთი საქართველოსთან უვიზო რეჟიმს დააწესებს

თუ რუსეთი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმს დააწესებს, ჩვენ ამას მივესალმებით, - ასე გამოეხმაურა საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გუშინდელ განცხადებას, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს. კალაძის განმარტებით, საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანია, რომელსაც რუსეთში თავისი ახლობლებისა და მეგობრების ნახვა სურს და მისასალმებელი იქნება, თუ ეს ვიზის გარეშე იქნება შესაძლებელი.

"თუ ეს ასე მოხდება, ჩვენ ამას მივესალმებით. 2011 წელს საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის მოხსნა სავიზო რეჟიმი და მათ თავისუფლად შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა. ჩვენ გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნის განგრძლივობაც კიდევ უფრო გავზარდეთ - რაც მეტი ტურისტი შემოვა რუსეთიდან საქართველოში, ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია და ჩვენ ამას მივესალმებით. ასევე, იცით, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან ბევრი მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში და ძალიან ბევრი ადამიანია საქართველოში, ვისაც აქვს სურვილი თავის ახლობლებთან, მეგობრებთან წავიდეს. თუ შესაძლებელი იქნება ვიზის გარეშე მოხდეს გადაადგილება, რა თქმა უნდა, მისასალმებელი იქნება", - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეები მთელ მსოფლიოში თავისუფლად უნდა გადაადგილდებოდნენ.

"ამ დღეებში ველოდებით ვიზალიბერალიზაციაზე თანხმობას, რომელიც ასევე ძალიან დიდი წარმატება იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. სწორი გზით მივდივართ, ეს არის ის მნიშვნელოვანი გზა, ის მნიშვნელოვანი მომენტი, რასაც ქართველი ხალხი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ელოდებოდა. ყველაფერს გავაკეთებთ ძალიან სწრაფად და მალე, რომ უახლოეს მომავალში საქართველო გახდეს ევროპის დიდი ოჯახის წევრი", - განმარტა ვიცე-პრემიერმა.

ვლადიმერ პუტინმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმოს.