"დიდი პროექტების შიშის შეკრული წრე გარღვეულია"

“PALITRANEWS” -ის გადაცემა ”ბიზნესპერსონამ” ”საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, ნათია თურნავას უმასპინძლა.

როგორია ”საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა დღეს, რა შესაძლებლობები აქვს გამოუცდელ ბიზნესმენს ფონდთან ურთიერთობის დასაწყებად და რა მოდელის იქნება ახალი ინსტიტუცია, რომელიც საპარტნიორო ფონდის ბაზაზე შეიქმნება, ამას მკითხველი გადაცემის ბეჭდური ვერსიიდან შეიტყობს.

- ”საპარტნიორო ფონდის” მთავარი ფუნქცია ქვეყანაში ინვესტიციების წახალისებაა, საწყის ეტაპზე მაინც. გთხოვთ, ჩამოთვალოთ ყველაზე წარმატებული პროექტები, რომლებიც ამ ფონდის თანადგომით განხორციელდა.

- ვისაუბროთ 2015 წლის შესახებ იმიტომ, რომ წელი უკვე დასასრულს უახლოვდება და გარკვეულწილად, შედეგების შეჯამების სურვილი გვიჩნდება. ”საპარტნიორო ფონდისთვის” 2015 წელი საკმაოდ დაძაბული, ბევრი გამოწვევით სავსე, რთული, მაგრამ წარმატებული იყო. პროექტები არ კეთდება არც ერთ დღეში და არც ერთ თვეში. 2014 წელს საკმაოდ დაძაბულად იმუშავა ფონდის გუნდმა და შედეგად, 2015 წელს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მათ შორის ზოგიერთი დასრულდა და ექსპლუატაციაში ჩაბარდა, ზოგიერთის მშენებლობა დავიწყეთ, ზოგიერთის სტრუქტურირებას მოვრჩით, დავამტკიცეთ და გამზადებულია დაფინანსებისთვის. პირველ რიგში, გამოვყოფდი ენერგეტიკის სექტორს. ენერგეტიკის სფეროში ”საპარტნიორო ფონდმა” ძალიან მნიშვნელოვანი ორი პროექტი განახორციელა.

- რა პროექტები?

- ერთ-ერთია ”გარდაბნის თბოსადგური”, რომელიც წელს ივნისში ჩაბარდა ექსპლუატაციაში, დაიწყო ოპერირება და ახლა სინათლე რომ ანთია, ჩვენი სადგურის დამსახურებაც არის, მუშაობს და აწვდის ელექტროენერგიას სისტემას. ეს არის უნიკალური სადგური საქართველოსთვის იმ თვალსაზრისით, რომ პირველი კომბინირებული ციკლის სადგურია: გაცილებით ეკონომიურია და ნაკლებ ძვირადღირებულ, იმპორტირებულ გაზს ხმარობს, ვიდრე ადრე აშენებული სხვა ელექტროსადგური. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია ”ნენსკრას” ჰიდროსადგური, რომლის მშენებლობაც წელს დაიწყო. ეს უფრო ადრეულ ეტაპზე მყოფი პროექტია. ძალიან რთული იყო მოლაპარაკების პროცესი. ეს არის პირველი ჰიდროსადგური, რომელიც შემდეგი პრინციპით გაკეთდა: 35 წლის შემდეგ სადგური საქართველოს ხელისუფლებას საკუთრებაში უფასოდ დაუბრუნდება. მშენებლობას კორეელი ინვესტორი გიგანტი კორეული კომპანია ”ქეი ვოთერი” (K-water) გაუწევს ოპერირებას ჩვენი კანონმდებლობისა და კონტროლის ქვეშ და 35 წლის თავზე ეს ძალიან მნიშვნელოვანი სადგური, რომელიც დაახლოებით „ენგურის“ ერთ მესამედს უდრის თავისი სიდიდით, უსასყიდლოდ გადაეცემა სახელმწიფოს.

- თუმცა, მოსახლეობას ყველაზე მეტად ის აინტერესებს, შეძლებს თუ არა, მიიღოს ელექტროენერგია უფრო შეღავათიან ფასად.

- მოსახლეობამ პირველ რიგში, უნდა იცოდეს, რომ ეს პროექტი ენერგიის მიწოდებას განამტკიცებს. მთავარია, ხელმისაწვდომი ელექტროენერგია. თქვენ იცით, რომ ჩვენი ეკონომიკა ვითარდება, შესაბამისად, მოთხოვნა ელექტრონერგიაზე და ენერგობაზარზე იზრდება და ჩვენი გენერაციის წყაროები ასე სწრაფად მწყობრში ვერ შედის - ამას სჭირდება ინვესტორი, სტრუქტურირება, აშენება ისე სწრაფად, როგორც იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. ამ დეფიციტის დაფარვა ჩვენ სულ უფრო მეტად გვიხდება იმპორტირებული ელექტროენერგიით და პირველ რიგში, ეს არის რუსეთიდან იმპორტიებული ელექტროენერგია. ეს მსხვილი სადგურები, რა ტიპსაც ”ნენსკრა” განეკუთვნება, სწორედ იმისთვის არის, რომ არსებითად ჩაანაცვლონ იმპორტირებული ელექტროენერგია. ამიტომ პირველ რიგში, ამ სადგურის აშენებით წყდება ენერგოუსაფრთხოების, ენერგოდამოუკიდებლობის, ჩვენი საკუთარი ელექტროენერგიის თემა. რაც შეეხება ტარიფს, ეს გარიგება სტრუქტურირებულია, როდესაც ამოიღებს თავის ინვესტიციას საკამოდ ზომიერი პროცენტით, (12,5 % მოგებაა გათვალისწინებული) და ეს სადგური გადაეცემა სახელმწიფოს, შეიძლება ნომინალურ ფასადაც მიაწოდოს ელექტროენერგია ბაზარს. მანამდე ეს სადგური და ტარიფი არის აბსოლუტურად კონკურენტული იმპორტირებულ ელექტროენერგიასთან შედარებით. რაც მთავარია, ეს არის ადგილობრივი ობიექტი, ინვესტიცია, დასაქმება ამ რეგიონში.

- როდესაც ზოგადად ენერგოუსაფრთხოების კონცეფციაზე ვსაუბრობთ, ალბათ აუცილებლად უნდა შევეხოთ ”ხუდონჰესის” თემას, რომელიც, ჩემი აზრით, მკვდარ ადგილას დგას და ეს თემა არ ვითარდება. რა არის მიზეზი და როდის შევძლებთ ჩვენ ვისაუბროთ იმ კონტექსტში ”ხუდონჰესზე”, როგორც ”ნენსკრაზე” ვსაუბრობთ დღეს?

- რამდენადაც ვიცი, ენერგეტიკის სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს. უშუალოდ საპარტნიორო ფონდის ჩართულობა არ არის, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა აქვს იმიტომ, რომ ჩვენ ”ნენსკრაზეც” და სხვა საკითხებშიც, მჭიდრო კოორდინაციაში ვმუშაობთ ენერგეტიკის სამინისტროსთან. ნებისმიერ ქვეყანაში ისეთი ტიპის პროექტების განხორციელებას, რომელიც დაკავშირებულია ბევრ ფაქტორთან, იქნება ეს გარემოსდაცვითი ფაქტორი თუ მოსახლეობის გადაადგილებისა და კომპენსაციების საკითხები (როგორც ეს ”ხუდონის” შემთხვევაშია), გარკვეული პრობლემები ახლავს. ”ნენსკრა” იმავე აუზზე მდებარეობს, უფრო ზევით, მაგრამ ეს ენგურის აუზია. ის ფაქტი, რომ ”ნენსკრა” უკვე ხელმოწერილია, დამტკიცებულია და ინვესტორმა დაიწყო ფულის ხარჯვა და განხორციელება, მაძლევს იმის თქმის იმედს, რომ დიდი პროექტების შიშის შეკრული წრე გარღვეულია. ვიმედოვნებ, შემდეგი ნაბიჯი იქნება ”ხუდონი”. იმიტომ, რომ გაცილებით მეტი ნდობით მოეკიდება ასეთი ტიპის პროექტს ინვესტორიც, ის საერთაშორისო ბანკებიც ვინც იმავე, ”ნენსკრაში” არიან ჩართული, ”იბიარდი”, აზიის განვითარების ბანკი და სხვა. მოსახლეობაც დაინახვს, რომ ამ ტიპის ობიექტს მის რაიონში, მის რეგიონში მოაქვს სიკეთე, ვიდრე ნეგატივი. ვფიქრობ, მეორე ლოგიკური ნაბიჯი იქნება ”ხუდონის” განხორციელება.

- ენერგეტიკის პროექტების გარდა, კიდევ რა პროექტებით ამაყობს ამ ეტაპზე საპარტნიორო ფონდი?

- ენერგეტიკა - მსხვილი პროექტები გამოგვივიდა და ამიტომ წამოვწიე წინ თუმცა, ჩვენი პორტფოლიო საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მომავალში მიზნად დავისახავთ სხვა დარგებიც იყოს ჩვენს პორტფელში წარმოდგენილი. მაგალითად, უკვე განხორციელებულ პროექტებს თუ დავუბრუნდებით, აქტიურები ვართ ტურიზმის სექტორში. კონკრეტულად, სასტუმროების სექტორში.

2015 წლის დასაწყისში, იანვარში გამოვაცხადეთ და გავხსენით ლიკანის 5 ვარსკვლავიანი ”რიქსოსის” სასტუმრო. თუ არ ჩავთვლით თბილისს და ბათუმს, ამ ორ დიდ ურბანულ ცენტრს, სადაც უფრო მარტივი და ხშირია 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების გახსნა და იქ ოპერირება, ეს არის პირველი 5-ვარსკვლავიანი ამ რანგის ბრენდირებული სასტუმრო საქართველოს რეგიონებში. ეს ბაზარი, საბედნიეროდ, საკმაოდ კონკურენტულია, ბევრი ახალი 5ვარსკვლავიანი ბრენდირებული სასტუმრო შემოგვემატება მალე. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ შორის ერთ-ერთი წარმატებული ”რიქსოსი” იქნება.

უნდა აღინიშნოს შედარებით პატარა, ბრენდირებული სასტუმრო ქუთაისში ”ბესთ ვესტერნი”. მისი მშენებლობა წელს ადგილობრივ ინვესტორთან ერთად დავიწყეთ. რამდენიმე შედარებით მცირე სასტუმრო აშენებულია ასევე საპარტნიორო ფონდის მიერ კახეთსა და ახალციხეში, ეს პროექტები ჩვენთვის წარმატებით დასრულდა, კომერციული დასასრულიც ჰქონდა - გამოვედით ამ პროექტებიდან. ჩვენი მანდატია საწყის ეტაპზე ხელი შევუწყოთ ინვესტიციას. რაღაც პერიოდის შემდეგ ჩვენ გარკვეული ზომიერი მოგებით გამოვდივართ პროექტიდან.

- ანაკლიის პორტის პროექტი თქვენს სამუშაო მაგიდაზე არ დევს?

- ეს პროექტი მთავრობის ეკონომიკური გუნდის სამუშაო მაგიდაზე დევს და ძალიან აქტუალურია. წამყვანი როლი მის სტრუქტურირებაში ეკონომიკის სამინისტროს ენიჭება, მაგრამ ჩვენც ჩართულები ვართ. თავის დროზე არაერთი კვლევა განვახორციელეთ ამ პროექტთან დაკავშირებით. ბოლოს, კვლევა იაპონელ კონსულტანტებს შევუკვეთეთ რათა კიდევ ერთხელ დავრწმუნებულიყავით, რომ ანაკლია მართლაც საუკეთესო ადგილია და მე ვფიქრობ, რომ სულ მალე წარმატებული დაგვირგვინება ექნება ამ პროექტს.

- თუმცა, დიდი ვადა დასახელდა პროექტში საბოლოოდ, გამარჯვებული კომპანიის დასასახელებლად. დროში გაჭიანურებამ ხომ არ შეუშალა ხელი იმას, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოცულობა მესამე კვარტლის მონაცემებით მნიშვნელოვნად არის შემცირებული გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით? როგორ ფიქრობთ, 33% - იანი შემცირება გასულ წლებთან შედარებით, შესაძლებელია არასაგანგაშოდ, მაგრამ დამაფიქრებლად ჩაითვალოს?

- ვერ ვიტყოდი, რომ ეს პროექტი გაჭიანურებულია. ეს არ არის უბრალო რანგის პროექტი. ეს არის ერთ-ერთი დიდი მასშტაბის პროექტი, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ ზოგადად, რეგიონისთვის და მათ შორის, საქართველოსთვის. წინა წლებში ჩვენ გვსმენია, რომ ამ პროექტმა განხორციელება დაიწყო, მაგრამ შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ პროექტი მაშინ იწყება და მაშინ დგება, როდესაც არსებობს ინვესტორი, რომელსაც აქვს ფინანსები ამ პროექტისთვის და აქვს სურვილი რომ ჩადოს ეს ფინანსები და განახორციელოს ინვესტიცია. ეს პროექტი ხორციელდება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ კერძო ინვესტორი უნდა არსებობდეს, რომელსაც უნდა ჰქონდეს ინტერესი და დააფინანსოს ეს პროექტი. ძალიან კარგად, სკუპლიოზურად და საკმაოდ ტრანსფარანტულად მიყავს ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს. ჩვენ კომისიის წევრები ვართ და შესაბამისად, ჩართულები ვართ. თავიდან ძალიან დიდი ინტერესი გამომჟღავნდა. 10-ზე მეტი კომპანია იყო, რომელმაც შეკრა დაფინანსება და მიიღო მონაწილეობა ამ კონკურსში. ეს უკვე ადასტურებს იმას, რომ ინტერესი მაღალია და კიდევ უფრო მაღალი იქნება, მას შემდეგ, რაც გააქტიურდება თუნდაც ჩინეთის ფაქტორი, აბრეშუმის გზის კორიდორში. ახლა სტრუქტურირება, რომელშიც ბევრი საერთაშორისო კონსულტანტია ჩართული, მიდის ბოლოსკენ, კომპანიების რიცხვი 2-მდეა აყვანილი.

რაც შეეხება საინვესტიციო გარემოს, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და მესამე კვარტალს: მე, ზოგადად, ალბათ მეტ სიფრთხილეს გამოვიჩენდი, როდესაც ჩვენ კონკრეტულ სტატისტიკასთან გვაქვს საქმე. 2015 წლის მე-3 კვარტლის პირდაპირი ინვესტიციების მაჩვენებელი არის ერთ-ერთი საუკეთესო, წინა 10 წლის მესამე კვარტლების პერიოდთან შედარებით. ერთადერთი, 2014 წლის მე-3 კვარტალი იყო უკეთესი იმიტომ, რომ ეს იყო ერთ-ერთი რეკორდული წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით. მე-3 კვარტალში რამდენიმე დიდი ტრანზაქცია განხორციელდა, მათ შორის არის მარაბდა-კარწახის რკინიგზა და დიდი აზერბაიჯანული ინვესტიცია. ეს უკანასკნელი სწორედ მე-3 კვარტალში დასრულდა. ასევე დიდი ჩინური ინვესტიცია, რომელიც ”ჰუალინგ ჯგუფმა” მშენებლობაში განახორციელა: თბილისის ზღვაზე ძალიან დიდი კომპლექსი შენდება. ასევე ინვესტიცია ქუთაისში. სტატისტიკურად ეს აისახა 2014 წლის მე-3 კვარტალში. თუმცა ამას ხელი შეუწყო წლის საინვესტიციო გარემომ. აქედან გამომდინარე, უფრო უნდა ვთქვათ, რომ 2014-15 წინა პერიოდთან შედარებით აღმავალ ტრენდს უჩვენებს. 2015 წელი იყო საკმაოდ რთული. ყველამ ვიცით, რა გარე შოკებიც არსებობდა რეგიონში, იგივე სავალუტო შოკები, რამაც დიდი გავლენა იქონია არამარტო საქართველოზე, არამედ ყველა სავაჭრო პარტნიორზე რის გამოც შემცირდა ჩვენი საგარეო ვაჭრობის მაჩვენებელები. მიუხედავად ამისა, საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების მცირე რიცხვს, რეგიონში რომლებმაც მაინც შეინარჩუნა პოზიტიური ზრდის დინამიკა. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ სავალუტო ფონდის ბოლო შეფასება, ისინი გამადიდებელი შუშით აკვირდებიან ყველა პროცესს, რაც საქართველოს ეკონიმიკაში ხდება და აღიარებენ, რომ მიხედავად ყველა საგარეო შოკისა, საქართველოს ეკონომიკამ შეძლო სტაბილიზაცია, შეძლო პოზიტიური ზრდის დინამიკის შენარჩუნებაც და ოპტიმისტურად უყურებენ 2016 წელს. ეს არის ინვესტიციების ძირითადი კონტექსტი.

- საინტერესოა, მცირე ბიზნესს თუ აქვს შანსი მოიპოვოს საპარტნიორო ფონდთან პარტნიორობის უფლება, და ზოგადად, რა მოცულობის ბიზნესთან იჭერთ საქმეს? თუ აქვს მცირე ბიზნესს შანსი, რომ გახდეს საპარტნიორო ფონდის პარტნიორი?

- ჩვენ არ გვაქვს მკაცრი გრადაცია, თუ რა ზომის ბიზნესი უნდა იყოს ჩვენი პარტნიორი. აქ საუბრია, რომ ბიზნესგეგმა იყოს საინტერესო, საკმარისად ინოვაციური და საკმარისად დასაბუთებული. შესაბამისად, იმავე შანსით ისარგებლებს მცირე ბიზნესი, რითიც მსხვილი ბიზნესი და უფრო მეტიც: ჩვენ დამატებითი მოტივაცია გვაქვს, რომ მცირე ბიზნესს დავეხმაროთ. გარდა იმისა, რომ კომერციულ შდეგებს ვაქცევთ ყურადღებას, ასევე ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური სიკეთის მომტან პროექტებს ვუყურებთ.

- დამწყებ, გამოუცდელ ბიზნესმენს თქვენი თანადაფინანსების იმედი თუ შეიძლება ჰქონდეს?

- ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ მექანიზმებზე, რომლებიც ჯერ არ გამოგვიყენებია. მოთხოვნა არსებობს, რომ ჩვენ დავაფინანსოთ სრული სტარტაპები. დღემდე ჩვენ ამას ნაკლებად ვაკეთებდით. თქვენ იცით, ასეთი ტიპის სტარტაპს დიდი რისკიც მოყვება, თუმცა გვაქვს აქტიური კომუნიკაცია და კონსულტაციები იგივე ინოვაციების სააგენტოსთან და ვფიქრობთ, მომავალში, შესაძლოა, ასეთი ტიპის პროექტებშიც შევიდეთ მიუხედავად მათი რისკიანობისა.

- როგორ მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება პროექტთან დაკავშირებით. ამას სამეთვალყურეო საბჭო იღებს ხმათა უმრავლესობით?

- სანამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება რამდენიმე ფილტრს გადის. ჩვენთან შექმნილია საინვესტიციო საბჭო, რომელიც შედგება ჩვენი თანამშრომლებისგან - შესაბამისი დარგის სპეციალისტებისგან. პროექტი რამდენჯერმე განიხილება. ჯერ გავდივართ კონცეპტუალურად, შემდეგ ბიზნესგეგმაში, ფინანსურ ნაწილს, დასაბუთებულობას და ასე შემდეგ. როდესაც დავრწმუნდებით, რომ პროექტი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, შემდეგ წარვუდგენთ სამეთვალყურეო საბჭოს. სამეთვალყურეო საბჭოში გადაწყვეტილება მიიღება ფორმალურად, ხმათა უმრავლესობით, მაგრამ როგორც წესი, გადაწყვეტილება სრული კონსენსუსის საფუძველზე მიიღება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის იმ დარგის მინისტრის პოზიცია, რა დარგსაც ჩვენ ვეხებით. იმიტომ, რომ აუცილებელია ასეთი კოორდინაცია.

- შემთხვევით არ მიხსენებია სამეთვალყურეო საბჭო. საკმაოდ წარმომადგელობითია. შეიძლება ბევრმა არ იცის, რომ ამ საბჭოში შედიან პრემიერ-მინისტრი, სხვადასხვა სფეროს მინისტრები, ბანკების სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელები. ალბათ, კერძო სექტორს ნაკლებად, მაგრამ მთავრობის უმაღლესი პირების მოსაზრებას უპირატესობა ხომ არ ენიჭება ამ გადაწყვეტილების მიღებისას?

- რასაკვირველია, მთავრობის წევრები და საბჭოს წევრები აქტიურად მონაწილეობენ განხილვებში და ვალდებულებიც არიან თავისი მოსაზრება თქვან, მაგრამ მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ არ ყოფილა შემთხვევა ვინმეს ჩვენთვის თავს მოეხვია (არც მცდელობა ყოფილა), თავისი მოსაზრება. არსებობს კანონი, ჩვენი წესდება, მანდატი. არსებობს პრაქტიკა, რომელსაც ჩვენ მივდევთ.

ის ფაქტი, რომ მთავრობა სამეთვალყურეო საბჭოშია წარმოდგენილი, ნეგატიურად არ აისახება პროექტების ხარისხზე. პირიქით, ბიზნესისთვის ეს არის მნიშვნელოვანი. არის პროექტები, განსაკუთრებით მსხვილი პროექტები, სადაც უცხოური ინვესტორი მონაწილეობს, რომელსაც ჩვენს ფინანსურ თანამონაწილეობაზე მეტად ის ფაქტი აინტერესებს, რომ ჩვენ სახელმწიფო ფონდი ვართ და წარმომადგენლობითი საბჭო გვყავს.

- არსებობს სპეციალისტების გარკვეული ნაწილი, ვინც კითხვისნიშნის ქვეშ აყენებს ასეთი ფონდების აუცილებლობას. საპარტნიორო ფონდი, თანაინვესტირების ფონდი, იყო საუბარი სახელმწიფო განვითარების ბანკზე, შემდეგ უკვე ფინანსურ კორპორაციაზე. თუ კიდევ უფრო დავწვრილმანდებით, მეწარმეობის განვითარების სააგენტო, ინვესტიციების წამახალისებელი ბევრი სააგენტო და ასე შემდეგ. რეალურად, რამდენად დგას ასეთი ფონდების, ასეთი ორგანიზაციების არსებობის საჭიროება? იქნებ მივცეთ ბიზნესს სრული თავისუფლება, რომ თავისით გაიკვალოს გზა ბაზარზე და შემდეგ უფრო მყარად განაგრძოს არსებობა?

- მოდით ასე ვთვათ, სახელმწიფოს ხელთ არსებული, საინვესტიციო წამახალისებელი ბერკეტები, ეს არის სრულიად გავრცელებული პრაქტიკა და არსებობს ჩვენზე გაცილებით მეტად განვითარებულ ქვეყნებში. იტალიის მაგალითი შემიძლია მოვიყვანო, სადაც ექსპორტის წახალისების სააგენტო არსებობს, რომელიც პირდაპირ, კონკრეტულად ექსპორტიორ ბიზნესმენებს ეხმარება. არსებობს სხვადასხვა ქვეყნების ”ექსიმ ბანკები” , რომლებიც თავისი ქვეყნების ინვესტორებს ეხმარებიან, მათ შორის ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, ასევე, მომწოდებლებს. ეს ისეთი მექანიზმია, რომელიც საყოველთაოდ აპრობირებულია და მას იყენებენ არა მხოლოდ ჩვენნაირი გარდამავალი ტიპის ქვეყნები, არამედ საკმაოდ კარგად განვითარებული ქვეყნები, სადაც წესით, ბიზნესი უფრო მდგრადია და ნაკლებ სახელმწიფო მხარდაჭერას საჭიროებს. ასე რომ კითხვას, საჭიროა თუ არა ასეთი ტიპის განვითარების ინსტიტუტები, ცალსახად გაეცა პასუხი მსოფლიო პრაქტიკით: კი, საჭიროა.

მეორე საკითხია, რა ფორმის უნდა იყოს და რა დოზით უნდა მონაწილეობდეს ბიზნესში. ჩვენი გზა დღესდღეობით არის ის, რომ ჩვენ არ ჩავანაცვლოთ კერძო ბიზნესი, კერძო ბანკი, არ შევიდეთ მათთან კონკურენციაში, არამედ შევავსოთ იმ დარგებსა და პროექტებში, სადაც რისკი შედარებით მაღალია და ჩვენი მონაწილეობის გარეშე კერძო მეწარმეს გაუჭირდება ბანკის დაფინანსების მოპოვება. ან, ზოგადად, პროექტის შეკვრა. აქედან გამომდინარე, ცალსახად პოზიტიური როლი შეიძლება შეასრულოს საპარტნიორო ფონდისნაირმა ორგანიზაციამ. რა დაერქმევა მას და რა ფორმის იქნება, ამას პასუხი მომავალში გაეცემა.

- შესაძლებელია, გარკვეული პერიოდის შემდეგ ჩვენ აღარ გვქონდეს საპარტნიორო ფონდი და გვქონდეს მისი გარდაქმნა ან ფინანსურ კორპორაციად ან სახელმწიფო განვითარების ბანკად? დამატებით ფუნქციებს ხომ არ შეიძენს? რა განსხვავება იქნება?

- ამ ეტაპზე განიხილება განვითარების კორპორაცია, რომელიც შეიქმნება საპარტნიორო ფონდის ბაზაზე. რაც შეეხება დამატებით ფუნქციებს, რომელსაც ის შეიძენს, ამაზე მსჯელობა ფართოდ და დეტალურად ჩვენ მას შემდეგ შეგვიძლია, რაც KFW დადებს თავის კვლევას. პირველადი კვლევა უკვე გაკეთებულია. აქცენტირებულია ის, რომ თანაინვესტირების გარდა, ჩვენ წინ უნდა წამოვწიოთ დარგობრივი კვლევები, რომ უფრო ინფორმირებული გადაწყვეტილება გაკეთდეს, სად რომელი დარგი საჭიროებს სახელმწიფო დახმარებას და დაფინანსებას.

იხილეთ გადაცემა სრულად PALITRANEWS-ზე