„10 ლარით პენსიის მომატება ქმნის ილუზიურ ეფექტს, თითქოს პენსიონერის მსყიდველობითი უნარიანობა გაიზარდა“

საქართველოში მცხოვრებ 800 000-მდე პენსიონერს პენსიის ოდენობა სექტემბრის თვეში 10 ლარით გაეზარდა, თუმცა რეალურად პენსიონერის მსყიდველობითუნარიანობა 10-11 პროცენტით შემცირდა.

ამასთან ერთად, შემცირდა უცხოურ ვალუტაში გადაყვანილი პენსიის ოდენობაც. თუ ლარის დევალვაციამდე საშუალო პენსია 85 დოლარი იყო, დღეს პენსიის როდენობა 70 დოლარს ქვევით არის. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების ფონზე 6,6%-ით გაზრდილი პენსია, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11 პროცენტით გაუფასურდა.

სტატისტიკოსი სოსო არჩვეძე ამბობს, რომ 10 ლარით პენსიის მომატება ქმნის ილუზიურ ეფექტს, თითქოს პენსიონერის მსყიდველობითი უნარიანობა გაიზარდა.

„პენსიონერთა ხარჯებში საკმაოდ დიდი წილი უკავია იმ საქონელს, რომელებიც გაძვირდა ლარის დევალვაციის შემდეგ. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პენსიონერთა რეალური მსყიდველობითუნარიანობა 10-11 პროცენტით შემცირდა. პენსიონერთა კონტინგენტი სპეციფიურია და მათ მოხმარებაში განსაზღვრულ საქონელს საკმაოდ დიდი წილი უკავია. ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ იმ საქონელთა ჯგუფი, რომლის მომხმარებელიც არის პენსიონერი. მაგალითად, მედიკამენტები და პროდუქტი. მართლია, პენსია გაიზარდა 6,6 პროცენტით, მედიკამენტებზე ფასების ზრდა კი 25 პროცენტს აჭარბებს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს თუ ვენდობით, ფასები 5,8%-ით გაიზარდა. მიუხედავად ამისა, პენსიონერთა მსყიდველობითუნარიანობა არ უნდა დავთვალოთ ინფლაციის მაჩვენებლის მიხედვით იმიტომ, რომ ინფლაციის საშუალო მაჩვნებელში მონაწილეობს პროგრამული პროდუქტი, რისი აქტიური მომხმარებელიც არ არის პენსიონერი. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პენსია კი არ გაიზარდა, პირიქით შემცირდა“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სოსო არჩვაძემ.

მისი თქმით, ფასების ზრდას არ ჰქონია ისეთი კატასტროფული ხასიათი, როგორი კატასტროფული ხასიათიც ჰქონდა ლარის დაცემას დოლართნ მიმართებაში.

„გასული წლის ოქტომბერთან შედარებით, თითმის 40 პროცენტით მოხდა ლარის დევალვაცია დოლართან მიმართებაში, მაგრამ იმავე პერიოდში ფასები გაიზარდა 5,8 პროცენტით. ეს იმით არის განპირობებული, რომ ჩვენს ძირითდ სავაჭრო პარტნიორებთან იმ ქვეყნის ეროვნულმა ვალუტებმა უფრო მეტად განიცადეს დევალვაცია, ვიდრე ქართულმა ლარმა ამერიკულ დოლართან მიმართებაში. იმის გამო, რომ გრივნა უფრო მეტად დაეცა დოლართან, ვიდრე ქართული ლარი დოლართან მიმართებაში, უკრაინული საქონელი გაგვიიაფდა და შესაბამისად, მისი შემოტანა იაფია. იაფად შემოტანილი საქონელი მოქმედებს ფასების საერთო დონეზე. ამის გამო, ჩვენი მოსახლეობისთვის არ ჰქონია ფასების ზრდას ისეთი კატასტროფული ხასიათი, როგორი კატასტროფული ხასიათიც ჰქონდა ლარის დაცემას დოლართან მიმართებაში“, - განაცხადა სოსო არჩვაძემ.

თიკო გურაშვილი