"ვაკანსიები გვაქვს, მაგრამ ხელფასები შემცირებულია"

ახალი ტრენდი დასაქმების სფეროში

უმუშევრობა კვლავაც რჩება საქართველოს მოსახლეობის უმთავრეს პრობლემად და მთავრობის ეკონომიკური გუნდის თავსატეხად. ამ ურთულესი გამოწვევის არსებობას ქვეყნის ახლანდელი ხელისუფლებაც არ მალავს. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მონაცემებით, 2015 წელს დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა, ამ მხრივ რეალური, ხელშესახები წინსვლა მაინც არ ჩანს. როგორც თბილისში მოქმედ დასაქმების სააგენტოებში აცხადებენ, ვაკანსიების რაოდენობა გასულ, 2014 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არც გაზრდილა და არც შემცირებულა, თუმცა ამ სფეროში ახალი ტრენდი გამოიკვეთა: კომპანიებმა ხელფასები შეამცირეს და ცდილობენ, შედარებით იაფი მუშახელი დაასაქმონ. ამას სააგენტო "ეიჩარ პარტნერსის" დირექტორი ნინო ჯინჯოლავაც ადასტურებს.

"ჩემი დაკვირვებით, სახელფასო განაკვეთების შემცირება უფრო შესამჩნევია, ვიდრე სამუშაო ადგილებისა. ეს აშკარაა, მით უმეტეს, ჩვენ ძირითადად, კომპანიებთან ვმუშაობთ და მათთვის მენეჯერებს ვარჩევთ, შესაბამისად, კარგად ვიცით, რა მოთხოვნები აქვთ მათ. ვერ ვიტყვი, რომ შარშანდელთან შედარებით ვაკანსიების რაოდენობამ იკლო. განსაკუთრებით მოიმატა საკონსულტაციო შეკვეთებმა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიების სურვილია, ყველაფერი შრომის კანონმდებლობასთან შესაბამისობაში ჰქონდეთ. ჩვენ გვაქვს ეს სერვისი - კონსულტაციას ვუწევთ კომპანიებს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესონ ადამიანური რესურსების მართვის საკითხი და ამ სერვისზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია", - ამბობს ნინო ჯინჯოლავა.

მისივე თქმით, დამსაქმებლები პირველ რიგში სამუშაო გამოცდილებას კითხულობენ. ამის შემდეგ მოდის ინგლისურის, რუსულის ან სხვა უცხო ენის ცოდნა.

"უცხო ენის ცოდნას თითქმის ყოველთვის ითხოვენ. ჩვენც ვეკითხებით, რით არის ეს მოთხოვნა განპირობებული. ხშირ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა დაუსაბუთებელია და გვყავს თავისი საქმის კარგი მცოდნე, პროფესიონალი, რომელიც უცხო ენას ვერ ფლობს, ვცდილობთ დამსაქმებელს ავუხსნათ, თუ რა სარგებლის მოტანას შეძლებს კომპანიისთვის ეს ადამიანი. ამიტომ, ისეთი ხალხიც დაგვისაქმებია, ვინც უცხო ენა არ იცოდა, მაგრამ არც სჭირდებოდა. კომპანიები ძალიან ხშირად ცვლიან ამ მოთხოვნას, თუმცა, უცხო ენის ცოდნა აუცილებელია, როდესაც კომპანიის თანამშრომლებს ხშირი მივლინებები და მუდმივი ურთიერთობა უწევთ უცხოელებთან. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო ხანებში რეკრუტინგული ფირმების მომსახურებაზე ქვეყანაში მოთხოვნა გაიზარდა. კომპანიები მიხვდნენ, რომ მათთვის ამ კომპანიების მომსახურება საჭიროა და ჩვენი დახმარებით უფრო კვალიფიციური და შრომისმოყვარე კადრების შერჩევას შეძლებენ", - აღნიშნავს ნინო ჯინჯოლავა.

დასაქმების ცენტრ "ახალი საქმის" ხელმძღვანელმა, ვახტანგ სუხიაშვილმა კი გვითხრა, მისი კომპანია არ შემოიფარგლება მხოლოდ მენეჯერებით და ხელმძღვანელი პირებით და მომსახურების სფეროსაც ემსახურება.

"ვაკანტური ადგილები წელს უფრო მეტი გვაქვს, მაგრამ სამაგიეროდ, ხელფასები შემცირდა. უმეტესობას არ სურს დაბალ ხელფასზე იმუშაოს და საერთოდ უარს ამბობს ჩვენს მიერ შეთავაზებულ ვაკანსიაზე. ჩემი დაკვირვებით, ოჯახში დამხმარეებს, ან ძიძებს უფრო მეტ ხელფასს სთავაზობენ, ვიდრე მიმტანებს, კონსულტანტებს, ან დაცვის სამსახურის მუშაკებს. თუ დასაქმების მსურველმა მწოლიარე ავადმყოფს უნდა მოუაროს, მისი ხელფასი კიდევ უფრო მაღალია. საკმაოდ მკაცრ პირობებს გვიყენებენ, რადგან ყველას გამოცდილი და საქმის მცოდნე კადრი სჭირდება. ყველაზე მეტად იცით რომელი კატეგორიის ხალხი მაკვირვებს? - ვინც არ მუშაობს და დაბალ ხელფასზეც უარს ამბობს. როდესაც ვურჩევთ, დაიწყოს სამსახური, დატოვოს თავისი ანკეტა და მერე შეიძლება სხვა რამ გამოჩნდეს, უარს გვეუბნებიან. არც სამსახური აქვთ, უჭირთ და დაბალ ხელფასზეც არ მიდიან - ასეთი კატეგორიის ხალხი ჩვენთან ძალიან ხშირად მოდის", - აღნიშნავს ვახტანგ სუხიაშვილი.

ვებგვერდ "დასაქმება.გე"-ს წარმომადგენელი თამარ პირველი კი ამბობს: "ჩვენი საიტი ვაკანსიებისა და ტრენინგების საიტია და ამ ორ მიმართულებას თუ შევადარებთ, წელს უფრო მეტად სასწავლო კურსებთან დაკავშირებული განცხადებები ჭარბობს. მუშახელზე დიდი მოთხოვნა არ არის და თუ შემოდის, ძირითადად მომსახურების სფეროს მუშაკებს ითხოვენ: ყველაზე ხშირად სჭირდებათ გამყიდველი, ხელოსანი, მიმტანი და ა.შ... ასევე ხშირად გვაქვს ვაკანსიები სილამაზის სალონებში, სადაც სტილისტები, ვიზაჟისტები, მანიკურის და პედიკურის სპეციალისტები სჭირდებათ. მოკლედ, მცირე ბიზნესიდან უფრო ხშირად შემოდის მოთხოვნა მუშახელზე, ვიდრე ცნობილი, მსხვილი კომპანიებიდან. როგორც ყოველთვის, მომსახურების სფერო ახლაც აქტიურია, მით უმეტეს, რეგიონებში, საიდანაც უფრო მეტად ამ ტიპის ვაკანსიები შემოდის".

ხათუნა ჩიგოგიძე