EIB-ის დაფინანსებით, წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები 24 ქალაქში მიმდინარეობს

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელობა ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიის ხელმძღვანელმა უცხოელ სტუმრებთან ერთად, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტები განიხილა.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, EIB-ის დაფინანსებით წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს 24 ქალაქში მიმდინარეობს, რისთვისაც ბანკმა 100 მილიონ ლარზე მეტი უკვე გამოყო. კომპანიის ინფორმაციით, მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ქუთაისის კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციისა და გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის დაგეგმილ პროექტზე, რომელთან დაკავშირებითაც 100 მლნ ევროს ოდენობის სასესხო ხელშეკრულებაა გაფორმებული.

"აღნიშნული პროექტების დაფინანსების მიზანი საქართველოს მოსახლეობისთვის წყალმომარაგებისა და სასმელი წყლის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაა", - განაცხადეს კომპანიაში.