საქართველოში წარმოებული ავტომობილის საერთაშორისო ბაზარზე გატანა იქნება შესაძლებელი

საქართველოში წარმოებულ ავტომობილზე საერთაშორისო VIN კოდის (სატრანსპორტო საშუალების საიდენტიფიკაციო ნომერი) დარტყმა იქნება შესაძლებელი, რაც მწარმოებელს ავტომანქანის საერთაშორისო ბაზარზე გატანის საშუალებას აძლევს. ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა “PALITRANEWS” -ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა: ”ჩვენმა ქვეყანამ აიღო უფლება, რომ მან საქართველოში წარმოებულ ავტომობილს დაარტყას საერთაშორისო VIN კოდი. აქამდე ჩვენ ეს შესაძლებლობა არ გვქონდა. თქვენ რომ საქართველოში ავტომობილი გეწარმოებინათ, ვერ დაარტყამდით საერთაშორისო VIN კოდს და საერთაშორისო ბაზარზე ვერ გაიტანდით. ჩვენ ამას მივაღწიეთ”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ავტომობილების მწარმოებელ რამდენიმე კომპანიასთან, თუმცა ეკონომიკის მინისტრი არ ასახელებს, რომელი კომპანია შეიძლება შემოვიდეს საქართველოს ბაზარზე. თუმცა აღნიშნავს, რომ ეკონომიკის სამინისტრო მოლაპარაკებებს ბოლომდე მიიყვანს: ”ჩვენ დღეს უკვე ველაპარაკებით არაერთ საავტომობილო მწარმოებელს, კონკრეტულად, რა თქმა უნდა, არ გეტყვით ვის, მაგრამ გეტყვით, რომ ესენი არიან ავტობუსის მწარმოებლები, სპეცტექნიკის მწარმოებლები, მსუბუქი ავტომობილების მწარმოებლები და ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ მოლაპარაკებებს ბოლომდე მივიყვანთ”, - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. დიმიტრი ქუმსიშვილთან ვრცელ ინტერვიუს მაყურებელი დღეს „პალიტრა ნიუსის“ ეთერში 16:50-დან იხილავს.