ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის ბიუჯეტის პროექტით თანხები მცირდება

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, თბილისში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის თანხები დაახლოებით 21 მლნ ლარით მცირდება. ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა - თბილისის" წევრმა ირაკლი ნადირაძემ განაცხადა. მისივე თქმით, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით, ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის 167 მლნ ლარია დაგეგმილი.

"ავარიული კორპუსების გამაგრებისთვის თანხები 850 ათას ლარზე მეტით მცირდება. ავარიული კორპუსების პრობლემა თბილისში მწვავედ დგას და გაუგებარია, ამ მუხლში რატომ ხდება თანხების შემცირება. როდესაც დავით ნარმანია ქალაქის მერი გახდა, მაშინ ავარიული კორპუსების გასამაგრებლად სიმბოლურად 41 მლნ ლარი ჩაიდო. მათ ძალიან დიდი ამბიცია ქონდათ, რომ ავარიული კორპუსების პრობლემა დედაქალაქში ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაჭრილიყო, თუმცა ყველა ბიუჯეტის ცვლილების დროს დავით ნარმანია ამ მუხლს ამცირებდა და 41 მლნ ლარი წელს 23 მლნ ლარამდე შემცირდა", - აღნიშნა ნადირაძემ. საკრებულოს ოპოზიციურმა დეპუტატმა ასევე ისაუბრა სხვა პროექტებზე, რომელთა დაფინანსება ბიუჯეტის პროექტით იგეგმება. კერძოდ, რკინის ჯებირების შესაძენად 600 ათასი ლარი დაიხარჯება.

"მომავალ წელს ალბათ ისინი აქციებს ელოდებიან, თუ რა ხდება, გაურკვეველია. რაში სჭირდებათ 600 ათასი ლარის რკინის ჯებირები", - აღნიშნა ნადირაძემ. მისივე თქმით, ამასთან, მცირდება ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების ღონისძიებები 3 მლნ ლარით. ამ მიზნით 68 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. დასუფთავების მუხლი კი 2,9 მლ ლარით, რომლის ბიუჯეტი გასულ წელს დაახლოებით 53 მლნ ლარი იყო.