ბიზნესმენები პრეზიდენტს საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვენ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ბიზნესმენებს შეხვდა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. საპოლიციო გამოსახლების ინსტიტუტის გაუქმების შესახებ იმსჯელეს. ბიზნესმენები პარლამენტის მიერ მიღებულ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე საქართველოს პრეზიდენტისგან ვეტოს დადებას მოითხოვენ.

შეხვედრას საქართველოს ბიზნესმენთა ასოციაციის და საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენლები დაესწრნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს საქართველოს ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი ასლანიშვილმა განუცხადა, არაერთი არგუმენტია, რის გამოც ბიზნესმენები აღნიშნულ ცვლილებებს აპროტესტებენ.

"რამდენიმე არგუმენტია, რის გამოც ამ კანონპროექტის ძალაში მიღება შექმნის პრობლემას. პირველ რიგში, როდესაც ქონებაზე სრულდება საკუთრების რეალიზება, ეს ავტომატურად უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული ადამიანების პრაქტიკის გადახედვას, საფასო პოლიტიკის შეცვლას და ზოგადად, გაძვირებას იწვევს. საბანკო სექტორი, რომელიც აფინანსებს უძრავი ქონების ბაზარს, იხილავს ახალი რისკების შეფასების სისტემას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება საპროცენტო განაკვეთების ზრდაში, რადგან მომატებული რისკის პირობებში ავტომატურად შეიცვლება საპროცენტო განაკვეთები და რისკების შეფასების სისტემა. მესამე, ვფიქრობთ, ეს იურიდიული კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან კომერციული საოფისე ფართების გაქირავებით, შეცვლის გაქირავების სტანდარტებს და მომხმარებელს გაძვირებული პირობით შესთავაზებენ აღნიშნული ფართების ხელმეორედ გაქირავებას. ეს გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას, ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის პოტენციურად შემოსავლის ზრდას და გლობალურად ინვესტორების ქცევის შეცვლას. ეს ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკას სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, გარკვეულ დარგს, რომელიც აქტიურად მოღვაწეობს ბაზარზე, არ მისცემს ზრდის საშუალებას, შექმნის პრობლემებს უძრავი ქონების ბიზნესით დაკავებული კერძო და იურიდიული კომპანიების მიმართულებითაც. სწორედ ამ არგუმენტაციის გაჟღერება მოხდა დღევანდელ შეხვედრაზე. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი შეგვპირდა, რომ დეტალურად შეისწავლის ჩვენს არგუმენტებს და ექნება მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტთან ამ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა ასლანიშვილმა. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის, ზურაბ გვასალიას თქმით კი, თუ აღნიშნული კანონპროექტი მაინც იქცა კანონად, ბიზნესმენები მას შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

"იმედს ვიტოვებთ, მივაღწევთ საბოლოო შედეგს, რომ ქვეყნის ეკონომიკას, საინვესტიციო გარემოს, საკრედიტო ურთიერთობებს არ მიადგეს ჩრდილი და პრობლემები, ვინაიდან ეს ცვლილებები გააუარესებს ყველა სფეროს და საინვესტიციო გარემოს, რაც ქვეყნისთვის ძალიან წამგებიანი და ცუდია. ვიმედოვნებთ, რომ ეს არგუმენტები გაზიარებული იქნება პრეზიდენტისგან. სახეზეა ფუნდამენტური პრინციპის, საკუთრების უფლების ხელყოფა", - განაცხადა გვასალიამ. რაც შეეხება თავად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც აღნიშნულ საკითხს დეტალურად შეისწავლის.

"გუშინ, საქართველოს ბანკების და ბიზნესასოციაციებმა მიმართა პრეზიდენტს ე.წ. საპოლიციო გამოსახლებასთან დაკავშირებით ინიცირებულ ცვლილებებზე ვეტოს დადების თხოვნით. პრეზიდენტის დავალებით შევხვდი სხვა ბიზნესასოციაციებსაც, მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, არგუმენტები. კანონპროექტი ჯერჯერობით არ არის შემოსული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე აქტიურად ვსწავლობთ არსებულ ვითარებას. არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ერთი შეხვედრა გავმართოთ მას შემდეგ, რაც კანონპროექტი შემოვა. პრეზიდენტს გავაცნობთ ბიზნესმენების პოზიციას და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი მისი საბოლოო პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან მიმართებაში", - განაცხადა აბაშიშვილმა.

კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, თუმცა ხელმოსაწერად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადმოგზავნილი ჯერჯერობით არ არის.