მიმინოშვილის ანაზღაურების მთავარი წყარო ორგანიზაცია "მოქალაქე" ყოფილა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა ინფორმაცია სამინისტროებისა და სხვადასხვა საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიებისა და სახელფასო დანამატების შესახებ. სხვა თანამდებობის პირებთან ერთად საზოგადოების ყურადღება მიიქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, მაია მიმინოშვილის შრომის ანაზღაურებამ და სახელფასო დანამატმა. აღმოჩნდა, რომ მაია მიმინოშვილის მიერ 2015 წლის საწყისი 6 თვის განმავლობაში მიღებული 81 301 ლარის ოდენობის შრომის ანაზღაურებიდან თანამდებობრივი სარგო შეადგენს 27 000 ლარს, პრემია - 6750 ლარს, ხოლო სახელფასო დანამატი 47 551 ლარს. მართლაც და, როგორც ერთმა ჩემმა კოლეგამ იხუმრა, ამხელა თანხა სახელფასო დანამატია თუ ჯეკპოტი?!

IDFI-ს ინფორმაციით, 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის შრომის ანაზღაურება - 81 301 ლარი დაახლოებით ორჯერ აღემატება იმავე პერიოდში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შრომის ანაზღაურებას - 37 260 ლარი.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, არის შემთხვევები, როდესაც მინისტრის შრომის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატება მის დაქვემდებარებულ უწყებაში დასაქმებული თანამდებობის პირის ანაზღაურება.

აიღო თუ არა მაია მიმინოშვილმა 2015 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სახელფასო დანამატის სახით 47 551 ლარი და კონკრეტულად რა დამსახურებისთვის მიიღო მან ეს თანხა, მაია მიმინოშვილს დავურეკეთ, რომლმაც თავის პრესსამსახურთან გადაგვამისამართა, სადაც განგვიმარტეს, რომ სახელფასო დანამატი მიმინოშვილმა კერძო პროექტებიდან აიღო.

"ეს არ არის სახელფასო დანამატი, ეს არის კერძო შემოსავლებიდან მიღებული თანხიდან გაცემული დანამატი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ახორციელებს რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს, რომელში ჩართული ყველა თანამშრომელი იღებს ანაზღაურებას, მათ შორის ხელმძღვანელიც. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს კერძო პროექტის განხორციელების უფლება აქვს. ეს თანხა სწორედ ამ კერძო პროექტებიდან არის შემოსული და არა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. თანამდებობის პირებს აქვთ შეზღუდვა კერძო ბიზნესის წარმოებაში, თუმცა კერძო საქმიანობის წარმოების უფლება აქვს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. არის რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, მაგალითად, ადგილობრივი თვითმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი, რომელიც წელიწადში რამდენჯერმე ტარდება რამდენიმე მუნიციპალიტეტში. ორგანიზაცია "მოქალაქის" სამი კონკურსი - "სტუდენტები თვითმართველობისათვის", "სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა" და "სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად". ასევე, შესარჩევი კონკურსი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის სკოლისათვის და ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლისათვის".

თეა ბეჟიტაშვილი

წყარო: ”კვირის პალიტრა”