ქართველი მეზღვაურების საზღვაო სერთიფიკატები ევროკავშირმა აღიარა

ართველ მეზღვაურებს ყოველწლიურად ქვეყანაში უხეში გათვლებით, 190 მილიონი ლარი შემოაქვთ.

ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა “PALITRANEWS” -ის გადაცემა ”ბიზნესპერსონაში” განაცხადა.

”საქართველოში 9 ათასი რეგისტრირებული მეზღვაური გვყავს. ელემენტარული გათვლებით ვთქვათ, მუდმივად 4 ათასი მეზღვაური მუშაობს და ხელფასს 1500 დოლარს იღებს ( თუმცა მათი ხელფასი გაცილებით მაღალია), ამ ადამიანებს ქვეყანაში ყოველ წელს 190 მილიონი ლარი შემოაქვთ და ეს არის სერვისების სუფთა ექსპორტი”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მისივე თქმით, 2012 წელს საქართველო გემების რეგისტრაციის მიხედვით შავ სიაში იყო, რაც ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის გემებზე დასაქმების შესაძლებლობას ართმევდა. სახელმწიფო-საზღვაო ადმინისტრაციაში გატარებული რეფორმების საფუძველზე კი ქართველი მეზღვაურების საზღვაო სერთიფიკატები ევროკავშირის ქვეყნებმა აღიარეს და, შესაბამისად, ქართველ მეზღვაურებს ევროკავშირის გემებზე დასაქმება შეუძლიათ.

”რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს მეზღვაურებს მისცემოდათ ევროკავშირის გემებზე მუშაობის შესაძლებლობა იმიტომ, რომ იქ ანაზღაურება ძალიან კარგია”, - განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.