ევროკომისია საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარადგენს

ევროპული კომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს. ამის შესახებ საუბარია "საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის პროგრესის შესახებ მეოთხე ანგარიშში", რომელიც ევროპული კომისიის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.

ანგარიშში, რომელიც ევროპული პარლამენტისთვის და ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს შეიცავს, "კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა დანარჩენი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი მიღწევის უზრუნველსაყოფად".

"ყველა ზომა, რომელიც მესამე მოხსენებაში იყო ჩამოთვლილი, მიღებულია. საკანონმდებლო და პოლიტიკური ბაზა, ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრინციპები, ასევე ოთხივე ბლოკის განხორციელების პროცედურების იმპლემენტაცია შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს", - ნათქვამია ანგარიშში.

ამ შეფასების საფუძველზე, ასევე 2012 წლის ივნისში ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყების მომენტიდან მიმდინარე მონიტორინგისა და ანგარიშების შედეგების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის 4 ბლოკთან მიმართებაში.

"ევროკავშირი-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, კომისია 2016 წლის დასაწყისში წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას ევროკავშირის საბჭოს № 539/2001 რეგულაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. კომისია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში ყველა მოთხოვნის შესრულების აქტიურ მონიტორინგს, არსებული სტრუქტურებისა და დიალოგების საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საკონტროლო მექანიზმებით", - აღნიშნულია ანგარიშში.