შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი - არც ერთი თანამშრომელი ბიუჯეტიდან ე. წ. სახელფასო დანამატს ან პრემიას არ იღებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მათი არცერთი თანამშრომელი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ე. წ. სახელფასო დანამატს ან პრემიას არ იღებს. როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კონკრეტულ პროექტში ჩართული ყველა თანამშრომელი, მათ შორის ცენტრის ხელმძღვანელობა ანაზღაურებას იღებს კერძო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებიდან, რისი წარმოების უფლებაც მას დებულებით აქვს მინიჭებული.

"შეფასებისა და გამოცდების ერონული ცენტრი, გარდა უშუალო საქმიანობისა (ერთიანი ეროვნული გამოცდები, გამოსაშვები გამოცდები და ა. შ.), სხვადასხვა ორგანიზაციის დაკვეთით, მათთან თანამშრომლობითა და მათ მიერ მომსახურებაში გადახდილი თანხით არაერთ კერძო პროექტს ახორციელებს (ამ პროექტებს ცენტრის უშუალო საქმიანობასთან კავშირი არ აქვს). შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს კერძო საქმიანობის წარმოების უფლება დებულებით აქვს მინიჭებული. ამ საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, კანონმდებლობის შესაბამისად, ანაზღაურებას იღებს კონკრეტულ პროექტში ჩართული ყველა თანამშრომელი (მათ შორის ცენტრის ხელმძღვანელობაც). გარდა ამისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული კერძო პროექტები მომგებიანია სახელმწიფოსთვისაც – მომსახურებიდან მიღებული თანხა დამატებითი ღირებულების, თანამშრომლებზე გაცემული ანაზღაურება კი საშემოსავლო გადასახადით იბეგრება. აღნიშნული თანხა შედის სახელმწიფო ბიუჯეტში. კერძო პროექტები გულისხმობდა როგორც ტესტირებების ჩატარებას, ისე სხვა სახის პროექტების განხორციელებას", - განმარტავენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, 2015 წელს ცენტრმა 15-მდე კერძო პროექტი განახორციელა. ესენია: ტრენინგი მოსამართლეებისათვის ტესტის შექმნის თეორიაში; ოლიმპიადა სამოქალაქო განათლებაში; ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსი – 2015 წელს კონკურსი ჩატარდა სამჯერ; შეთავაზება უმაღლეს სასწავლებლებს – ცენტრის ვებგვერდზე რეკლამების განთავსება; ცენტრის შეთავაზება სკოლებს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-6 და მე-9 კლასებში ტესტირების ჩატარება (პროექტში სკოლების მონაწილეობა ნებაყოფლობითია);

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქართველოს შეკვეთით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მე-8 და მე-10 კლასებში ტესტირების ჩატარება და მონაცემთა ანალიზი; შეთავაზება უმაღლეს სასწავლებლებს – ცენტრის ჟურნალში რეკლამების განთავსება;

სტუდენტები ბიზნესის მხარდასაჭერად; სტუდენტები თვითმმართველობისათვის – ადგილობრივი თვითმმართველობის მხადასაჭერი კონკურსი;

ფიზიკა-მათემატიკურ სკოლებში (კომაროვისა და ქუთაისის 41-ე სკოლები) მისაღები გამოცდების ჩატარება; მოსწავლეთა შეფასების ინსტრუმენტების ქართულ პოპულაციაზე ადაპტირება (ორგანიზაცია Save the children-ის პროექტი); საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის სტაჟორთა შერჩევა.