რას ნიშნავს ევროკავშირში უვიზო რეჟიმი

ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით საქართველოს შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიში ევროპული კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე რამდენიმე წუთის წინ დაიდო. დოკუმენტი საქართველოს შესახებ დადებით შეფასებებს შეიცავს. კონკრეტულად, მასში ნათქვამია, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება შეასრულა. ევროკომისიას მიაჩნია, რომ სავიზო ლიბერალიზაციის გეგმის ოთხივე ნაწილში საქართველოს მიერ განხორციელებული პროცედურები შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს. ეს არის ევროკომისიის ბოლო, რიგით მეოთხე ანგარიში საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით.

როგორც ირკვევა, ევროკომისია საქართველოსთან უვიზო რეჟიმის დაწესების მიზნით რეგულაციაში ცვლილებების შეტანის საკითხზე ევროკავშირის საბჭოს საკანონმდებლო წინადადებას 2016 წლის დასაწყისში წარუდგენს. ანგარიშში, რომელიც ევროპული პარლამენტისთვის და ევროპული საბჭოსთვის რეკომენდაციებს შეიცავს, "კომისია მიიჩნევს, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და გაატარა ყველა საჭირო რეფორმა დანარჩენი მოთხოვნების ეფექტური და მდგრადი მიღწევის უზრუნველსაყოფად".

"ყველა ზომა, რომელიც მესამე მოხსენებაში იყო ჩამოთვლილი, მიღებულია. საკანონმდებლო და პოლიტიკური ბაზა, ინსტიტუციური და საორგანიზაციო პრინციპები, ასევე ოთხივე ბლოკის განხორციელების პროცედურების იმპლემენტაცია შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს", - ნათქვამია ანგარიშში.

ამ შეფასების საფუძველზე, ასევე 2012 წლის ივნისში ევროკავშირი-საქართველოს ვიზალიბერალიზაციის დიალოგის დაწყების მომენტიდან მიმდინარე მონიტორინგისა და ანგარიშების შედეგების გათვალისწინებით, კომისიას მიაჩნია, რომ საქართველო აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას, სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის 4 ბლოკთან მიმართებაში.

"ევროკავშირი-საქართველოს შორის არსებული ურთიერთობის გათვალისწინებით, კომისია 2016 წლის დასაწყისში წარადგენს საკანონმდებლო წინადადებას ევროკავშირის საბჭოს № 539/2001 რეგულაციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. კომისია კვლავ გააგრძელებს საქართველოს მიერ სამოქმედო გეგმის ოთხივე ბლოკის ფარგლებში ყველა მოთხოვნის შესრულების აქტიურ მონიტორინგს, არსებული სტრუქტურებისა და დიალოგების საშუალებით და საჭიროების შემთხვევაში, სპეციალური საკონტროლო მექანიზმებით", - აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ანგარიშთან დაკავშირებით განაცხადა:

"მივესალმები ევროკომისიის ანგარიშს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც სრულად ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიაღწია.

საქართველოს მთავრობამ და ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევით უმოკლეს ვადებში შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ყველა ის მოთხოვნა, რასაც სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა. ამ ერთიანობამ ქვეყანას მოუტანა ის შედეგი, რომელიც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მოქალაქეების ევროკავშირის ქვეყნებში თავისუფალი გადაადგილებისათვის.

დღეიდან ჩვენ წინ გველის ფრიად საპასუხისმგებლო პროცესი, რომელიც ევროკავშირის მიერ იმ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით უნდა დაგვირგვინდეს, რომელიც ოფიციალურად გახსნის ევროკავშირის საზღვრებს საქართველოს მოქალაქეებისათვის.

ჩვენი ამოცანაა, ღირსეულად გავიაროთ ეს პროცესი და ძალისხმევა არ დავიშუროთ დასახული მიზნის მაქსიმალურად მოკლე ვადებში მისაღწევად".

წყარო: ”კვირის პალიტრა”