ევროპისა და დსთ-ის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები

ყაზახური ტენგე, ბელორუსული რუბლი და უკრაინული გრივნა წელს ევროპისა და დსთ-ის ქვეყნებში ყველაზე გაუფასურებული ვალუტებია. ამის შესახებ უკრაინული ინფორმაციულ-ანალიტიკური ცენტრის, ForexClub-ის კვლევაშია აღნიშნული. 2015 წლის მანძილზე ტენგე დოლართან მიმართებაში 85 პროცენტით გაუფასურდა, ბელორუსული რუბლი - 54 პროცენტით, გრივნა კი 49 პროცენტით. საერთო ჯამში, ბოლო ორი წლის განმავლობაში, უკრაინის ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებაში თითქმის ორჯერ გაუფასურდა. ამის მიზეზი უკრაინის ბაზარზე უცხოური ვალუტის დეფიციტი გახდა, რაც ექსპორტის შემცირებამ, კაპიტალის გადინებამ და დონბასში სამხედრო ოპერაციამ განაპირობა. მნიშვნელოვნად დაეცა რუსული რუბლის კურსიც, იგი წელს 22 პროცენტით გაუფასურდა. ამასთან, ForexClub-ის ანგარიშის მიხედვით, დსთ-ის არცერთი ქვეყნის ეროვნული ვალუტის ცვლილების პოზიტიური ტენდენცია წელს არ შეინიშნებოდა.

რაც შეეხება ევროპული ქვეყნების ვალუტებს, ყველაზე მეტად დევალვაცია ნორვეგიულმა კრონმა განიცადა, რაც მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის დაცემამ გამოიწვია. ყველაზე სტაბილური ვალუტა კი ევროპის კონტინენტზე კვლავ შვეიცარიული ფრანკი, ისლანდიური კრონი და ბრიტანული ფუნტია.