მცირე ბიზნესის გადაუჭრელი პრობლემები

სეგმენტი, რომლის წყალობით, შესაძლოა, უმუშევრობა დავძლიოთ

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე მსჯელობა საქართველოში 1990-იანი წლებიდან დაიწყო. იმ დროიდან მოყოლებული, მცირე და საშუალო მეწარმეობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ძირითად მიმართულებად იქნა აღიარებული. 1999 წლის 23 ივლისს მიიღეს კანონი ”მცირე და საშუალო საწარმოთა მხარდაჭერის შესახებ”, რომელიც 2006 წლის 24 მაისს გაუქმდა. ამას სპეციალისტები ძალზე უარყოფით მოვლენად მიიჩნევენ და ამბობენ, რომ 2003 წლის შემდეგ ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდა აშკარად შენელდა. შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანთა რიცხვიც შემცირდა. ”საქართველოში ეკონომიკური ზრდა ძირითადად მსხვილი საწარმოების წილად მოდის, რაც ნამდვილად არ არის სასიხარულო მოვლენა”, - ამბობს საწარმოთა ინოვაციური განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი თამაზ ვაშაკიძე, რომელიც მცირე ბიზნესის პრობლემებზე უკვე წლებია მუშაობს:

- ბატონო თამაზ, ცნობილია, რომ საქართველოში ბიზნესის წამოწყება ადვილია. რამდენად მართებულად მიგაჩნიათ ეს შეფასება?

- გააჩნია რას გულისხმობენ ”დაწყებაში”. თუ აქ იგულისხმება ბიზნესის გაფორმება, კი ბატონო, დაწერ განცხადებას და შეიძლება დასტურიც არ გქონდეს საგადასახადოდან, ბიზნესი ისე დაიწყო, მაგრამ რით უნდა დაიწყო? საწყისი კაპიტალის გარეშე ბიზნესის წამოწყება წარმოუდგენელია. მე მესმის, რომ ბიუროკრატიული ბარიერები გადავლახეთ, მაგრამ ბიზნესი დაწყებას აუცილებლად სჭირდება ფული. ფული კი, საქართველოში ძალიან ძვირია. მეწარმე, განსაკუთრებით ინდმეწარმე, საქმის დასაწყებად თანხას ვერ შოულობს. სტარტაპზე დღეს არც ერთი ბიზნესი არ ფინანსდება, ან ფინანსდება იმ შემთხვევაში, თუ ბანკმა, ან საფინანსო ორგანიზაციამ იცის, რომ მის წამომწყებს უკვე აქვს დაგროვილი გარკვეული თანხა, თუმცა მცირე მეწარმეების უმრავლესობას ასეთი თანხა არა აქვს, განსაკუთებით, ინოვაციურ მეწარმეობას. გეთანხმებით, რომ ჩვენს ქვეყანაში ბიზნესის დაწყება გაადვილებულია, მაგრამ მთავარი მისი შენარჩუნებაა. აქ კი, ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი: რა დროს ხარჯავს მეწარმე საგადასახადო საბუთების შედგენაზე, ან რა წილი აქვს საგადასახადო სამსახურს მის მოგებაში და ა.შ... ამ მაჩვენებლებით ნამდვილად ვერ დავიკვეხნით - ესე იგი, სწორედ აქ არის ძაღლის თავი ჩამარხული. რეიტინგებში ბიზნესის დაწყებით ვართ საწყის პოზიციებზე, თორემ შემდგომ ეტაპზე მდგომარეობა სულ სხვაგვარია. კიდევ ერთ პრობლემას უნდა შევეხო: ამ სფეროში ძალიან დიდია ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი. კარგად მახსოვს, რამდენიმე წლის წინ, მსოფლიოში ცნობილმა გაზეთმა "ობსერვერმა" დაბეჭდა, რომ 2009-2010 წლებში საქართველოში ჩრდილოვანი ბიზნესის წილი 74% იყო, ამ სეგმენტში სიტუაცია დიდად არ შეცვლილა. ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობენ, რომ დამალონ, მაგრამ სიმართლე არ იმალება.

- რატომ ფიქრობთ, რომ ახლაც იგივე მდგომარეობა გვაქვს?

- ახლავე აგიხსნით: საქართველოში 156 ათასი სამეწარმეო სუბიექტია აღრიცხული, მათ შორის 88 ათასი მცირე საწარმოა, ოღონდ ეს ძველი კანონით, რადგან კანონი უკვე აღარ არსებობს. საგადასახადო სამსახურთან ურთიერთობა აქვს დაახლოებით 50 ათასს. ხომ გიჩნდებათ კითხვა - დანარჩენები სად არიან? დავუშვათ, ნახევარს დახურული აქვს თავისი ბიზნესი, მაგრამ ეს იმდენად რთული პროცედურაა, რომ ყველა მეწარმე გაურბის. გამოდის, რომ ან ჩრდილოვან ეკონომიკაშია შესული, ან ე.წ. რუხ ეკონომიკაში: ასეთ დროს მეწარმე მალავს თავის შემოსავალს და მხოლოდ მის ნაწილს აჩვენებს. თუ საგადასახადო ტვირთი მძიმეა, ადამიანი მალავს თავის ბიზნესს, ან სულაც სხვა ქვეყანაში გადააქვს, ან ჩერდება და უამრავ ხერხს ეძებს, რომ თავისი მოგება არავის დაუთმოს. ამ დროს გონიერი მეწარმე უამრავ ხრიკს მოიგონებს, რომ თავის შემოსავლებში რაღაც დამალოს. საბოლოოდ, კი სახელმწიფო ზარალდება. ამიტომ, მცირე და საშუალო ბიზნესს სულ სხვაგვარი ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. ურთულეს პრობლემად მიმაჩნია საგადასახადო კანონმდებლობის ხშირი ცვლილებაც: ერთხელ დავთვალეთ და კანონში 5-6 წლის განმავლობაში 4 ათასი ცვლილება იყო შეტანილი. თუ ამდენი ცვლილება იყო შესატანი, ესე იგი, კანონი თავიდანვე არ ვარგოდა. 2003 წლიდან ახალი კანონი რომ შემოვიდა, იქაც უკვე 3 ათასამდე შესწორებაა შეტანილი. ახალი მინისტრი მოდის და საგადასახადო კანონები მაშინვე იცვლება, რაც ყველაზე ჭკვიან და გამოცდილ მეწარმესაც კი დააბნევს. აქედან დასკვნა: საქართველოში არ არსებობს მცირე მეწარმეობის განვითარებისათვის საჭირო გარემო და ეს სფერო მთლიანად დამოკიდებულია ინდივიდებზე, რომლებიც ხელისუფლების სათავეში დგანან.

- ესე იგი, წლები გადის, პრობლემები კი რჩება?

- თუ რამე ცვლილებას აქვს ადგილი, ესეც მხოლოდ ფასადური ხასიათის ცვლილებებია. ჩემი აზრით, საქართველოში ადგილობრივი მცირე მეწარმეობის ხელშეწყობა და განვითარება არ არის პრიორიტეტი, რადგან ქვეყნის ეკონომიკური საზღვარი ღიაა და აქ შემოდიან უცხოელი მეწარმეები, რომლებსაც ფული აქვთ. გაიარეთ აღმაშენებლის გამზირზე და ნახავთ, რომ ეს თურქულ-არაბული ქუჩაა. შემოვიდნენ, დაიქირავეს პირველ სართულზე მაღაზიები და ბიზნესიც ააწყვეს. რატომ ქართველმა ვერ გახსნა? - იმიტომ, რომ საწყისი კაპიტალი არ ჰქონდა. ამას არ სჭირდება უმაღლესი მათემატიკის ცოდნა. მცირე მეწარმეობის არსი ასეთია: თუ ის ნორმალურად მოქმედებს, 3-4 წლის მერე უნდა გაფართოვდეს და საშუალო ბიზნესის დონეზე გადავიდეს. ჩვენში ამას ძალიან ცოტა ახერხებს. პირველ რიგში ამ მიმართულებას სახელმწიფომ, ხელისუფლებამ უნდა შეუწყოს ხელი, რადგან არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც მცირე მეწარმეობის განვითარების გარეშე უმუშევრობის დონე შეემცირებინოს, ყველამ რაღაცით შეუწყო ხელი მცირე ბიზნესს. საქართველო ალბათ მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც არა აქვს კანონი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების შესახებ, რაც დაუშვებელია. ევროპას რომ ვედრებით, იქ მცირე და საშუალო ბიზნესს კანონი იცავს და თუ ევროპისკენ მივდივართ, მათი გამოცდილება ქართულ რეალობას უნდა მოვარგოთ და ისე გამოვიყენოთ. შეიძლება მიკრომეწარმეს 30 ათასი ლარი ჰქონდეს ბრუნვა? - ამას მეწარმეობა არ ჰქვია. მცირე მეწარმეებს ევროპულ ქვეყნებში უამრავი შეღავათი აქვთ. თუ ჩვენც ასე არ მოვიქცევით, საქართველოში ვერც მეწარმეობა განვითარდება და ვერც უმუშევრობის პორბლემას დავძლევთ.

ხათუნა ჩიგოგიძე