"საქართველოსთან სავიზო რეჟიმი სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე გაუქმდება"

გავლენიანი გერმანული გამოცემა "დოიჩე ველე" საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე ევროკომისიის დადებით ანგარიშს ვრცელ სტატიას უძღვნის.

"რას ნიშნავს პრაქტიკაში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირის ვიზების გაუქმება?" - სტატია ამ სათაურით გამოცემის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"დოიჩე ველე" წერს, რომ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმი სავარაუდოდ, 2016 წლის ზაფხულში ან შემოდგომაზე გაუქმდება.

"საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ვიზა არ დასჭირდებათ მგზავრობისთვის ევროკავშირის ყველა ქვეყანაში, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გარდა. უვიზო რეჟიმი ვრცელდება ასევე ევროკავშირის არაწევრ ისლანდიაზე, ლიხტენშტეინზე, ნორვეგიასა და შვეიცარიაზე.

პირველი მოთხოვნა ამისთვის ბიომეტრული პასპორტის ქონაა. საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს უნდა ახსოვდეთ, რომ შენგენის ზონის ქვეყნების ტერიტორიაზე ყოფნას, ნახევარი წლის განმავლობაში არაუმეტეს 90 დღისა შეძლებენ. ამ წესის დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მათი შენგენის საინფორმაციო სისტემაში (SIS) შეყვანა და ევროკავშირში ჩასვლის აკრძალვა.

უვიზო რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებში დასაქმების უფლებას არ იძლევა. მუშაობის დაწყებისთვის აუცილებელი ნებართვის აღებაა საჭირო. უფრო მეტიც, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში დასაქმების მიზნით, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს ვიზა მაინც დასჭირდებათ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მუშაობას 3 თვეზე მეტს არ აპირებენ.

რაც შეეხება სწავლას, თუ საუბარია 90 დღემდე ხანმოკლე კურსებზე, ამ შემთხვევაში ვიზის გაფორმება და სპეციალური ნებართვა საჭირო არ არის. თუმცა, თუ სწავლის ვადა 3 თვეს აღემატება, გარკვეული დოკუმენტები მაინც გახდება საჭირო. ამ შემთხვევაში უკეთესი იქნება, თუ მიმართავთ იმ ქვეყნის საელჩოსა თუ საკონსულოს, სადაც სწავლას აპირებთ, რადგან სხვადასხვა ქვეყანაში წესები განსხვავებულია.

შენგენის ზონის საზღვრის გადაკვეთისას, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა თან უნდა იქონიონ პრაქტიკულად ყველა ის დოკუმენტი, რომელიც, როგორც წესი, ვიზის ასაღებადაა საჭირო. შეიძლება ბიომეტრული პასპორტიც იყოს საკმარისი, მაგრამ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომელს უფლება აქვს გთხოვოთ დაადასტუროთ მგზავრობის მიზანი და პირობები, ასევე, დაამტკიცოთ, რომ ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნისთვის და უკან დაბრუნებისთვის საკმარისი თანხა გაქვთ.

კერძოდ, გადახდისუნარიანობის დასამატკიცებლად შეიძლება დაგჭირდეთ საგზაო ჩეკების წარდგენა, დაამტკიცოთ სასტუმროს დაჯავშნა, წარადგინოთ ნაღდი ფული და საკრედიტო ბარათზე თანხაც კი. მოთხოვნადი თანხის ოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში ჩადიხართ და რამდენი ხნით.

იმ შემთხვევაში, თუ ნათესავების ან ახლობლების სანახავად ჩადიხართ, თან უნდა იქონიოთ მოწვევა და ამ ადამიანის მისამართი და ტელეფონის ნომერი. თუ მგზავრობის მიზანი საქმიან ან სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობაა, სასურველი იქნება თან იქონიოთ შესაბამისი მოწვევა. ხოლო თუ მოქალაქე სასწავლებლად ჩადის - დამამტკიცებელი საბუთი სასწავლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ.

მგზავრობის სამედიცინო დაზღვევა აუცილებელი არ არის, მაგრამ მაგალითად, ევროკავშირის ქვეყნების საკონსულოები მოლდოვაში ურჩევენ მოლდოველებს, დოკუმენტი მაინც გააფორმონ. ეს ეხება უკან დასაბრუნებელ ბილეთსაც.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს მგზავრობისთვის ბევრი დოკუმენტი დასჭირდებათ, მათ აღარ მოუწევთ, ვიზებისთვის საკონსულოებს მიმართონ, გადაიხადონ თანხა და გაფორმებას დაელოდონ", - წერს "დოიჩე ველე".

გამოცემა იხსენებს მოლდოვას გამოცდილებას, სადაც ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმი უკვე წელიწადნახევარზე მეტია მოქმედებს. "დოიჩე ველეს" ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ევროკავშირის ქვეყნებში მოლდოვას 500 000-ზე მეტი მოქალაქე ჩავიდა.

უვიზო რეჟიმის დაწესების პირველ წელიწადში ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვადასხვა მიზეზის გამო 1,5 ათასი მოლდოველი არ შეუშვეს, 2 500-მა მოქალაქემ კი ევროკავშირის ტერიტორიაზე ყოფნის ვადები დაარღვია.