მსოფლიოს უმსხვილესი ონლაინ-რითეილერი Farfetch საქართველოში საქმიანობას იწყებს

ონლაინ-პლატფორმა Farfetch, რომელიც მომხმარებელს მსოფლიო საუკეთესო ბუტიკების ასორტიმენტს სთავაზობს, ქართულ ბაზარზე შემოდის.

კომპანიამ ცოტა ხნის წინ ოფიციალური წარმომადგენლობა გახსნა რუსეთში. Farfetch-ის ინფორმაციით, საქართველოში, რუსეთში, დსთ-ს ქვეყნებსა და ბალტიისპირეთში ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი მოსკოვის წარმომადგენლობა იქნება.

ამიერიდან ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის ხელმისწავდომი გახდება წამყვანი დიზაინერების ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სამოსი და აქსესუარები, ასევე მოხმარებლები ისარგებლებენ Farfetch-ის სერვისით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით 300-ზე მეტ ბუტიკს აერთიანებს.

კომპანიის ცნობით, VIP კლიენტების მომსახურების მიზნით, შეიქმნა ცალკე დეპარტამენტი, რომელიც უზრუნველყოფს მათთვის უნიკალური სერვისებით მომსახურებას, მათ შორის პერსონალურ სტილისტს, ასევე მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერების ახალი კოლექციიდან წინასწარი შეკვეთის გაფორმებას.

Farfetch 2008 წელს ჟოზე ნევეშმა დააარსა და დღეს ონლაინ პლატფორმა საქმიანობას 32 ქვეყანაში ეწევა. Farfetch მომხმარებელს 1 500-ზე მეტი დასახელების ბრენდსა და 150 000-ზე მეტ პროდუქციას სთავაზობს, როგორც ლუქს-სეგმენტის, ასევე ექსპერიმენტული და კონცეპტუალური დიზაინერების კოლექციას.

Farfetch.com-ის საიტს ყოველთვიურად 10 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს მსოფლიოს 190 ქვეყნიდან. 2014 წელს კომპანიის გაყიდვების მოცულობამ 300 მილიონი დოლარი შეადგინა.2015 წლის მარტში კომპანია Farfetch-მა Digital Sky Technologies-გან, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი იური მილნერი გახლავთ, 86 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია მიიღო. ინვესტიციის შედეგად კომპანიამ კაპიტალიზაციის 1 მილიარდ დოლარამდე გაზრდა შეძლო.