პატიმრების მიერ განხორციელებული წარმატებული ბიზნესიდეები

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამამ სტარტი 2013 წელს აიღო.

იდეის ავტორი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი გახლავთ. რა სახის დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო ყოფილ პატიმრებსა და მათი ოჯახის წევრებს, როგორი ფორმით ახდენს მათ რესოციალიზაციას საზოგადოებაში? - ამ თემაზე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსმა, ნინო ბისეიშვილმა გვიამბო.

- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის ქვეშ მოქმედი სსიპ ვართ. მოგეხსენებათ, ამნისტიის შედეგად ბევრი პატიმარი გათავისუფლდა. ამ ადამიანებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერაზე ზრუნვა აუცილებელია. ბენეფიციარები ყოფილი პატიმრები არიან. ეს არის პირველი სახელმწიფო პროგრამა ყოფილ პატიმართა და მათი ოჯახის წევრთა დასახმარებლად. მისი მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოებაში სრულუფლებიან წევრებად.

- ამ ადამიანებს რა სახის მომსახურებას სთავაზობთ?

- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. რეაბილიტაციის პროცესში ჩაბმული არიან: სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი და იურისტი. მნიშვნელოვანია, ბენეფიციართან ერთად, მისი უახლოესი სოციალური წრის გაძლიერებაც. სოციალური მუშაკი ეხმარება ბენეფიციარსა და მის ოჯახს პირადი და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი ბენეფიციარები პროფესიულ გადამზადებას სხვადასხვა სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯში უფასოდ გადიან. უნდა აღინიშნოს, რომ ახალი პროფესიის დაუფლება ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა შესაძლებელი. თუ ყოფილ პატიმარსა და მისი ოჯახის წევრს აქვს სურვილი, ერთდროულად შეისწავლოს ოფის-მენეჯერის პროფესია და დურგლობა, ჩვენ ამის შესაძლებლობას ვაძლევთ.

- ყოფილი პატიმრები აქტიურობენ?

- ყოფილ პატიმართან მუშაობას იწყებს სოციალური მუშაკი. ცენტრის თანამშრომლები მას სთავაზობენ პრობლემის გადაჭრის ალტერნატიულ გზებს, საბოლოო არჩევანს კი ბენეფიციარი აკეთებს. სოციალურ მუშაკს ზოგჯერ დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ბენეფიციარს მის წინაშე არსებული პრობლემები დაანახვოს. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, ვასწავლით, რეაბილიტაციის პროცესის განმავლობაში, ყოველ ეტაპს მასთან ერთად ვგეგმავთ.

- ამ ქვეყანაში მუდმივად არის ლაპარაკი, ერთი მხრივ, დასაქმების პრობლემაზე და მეორე მხრივ - კვალიფიციური კადრების ნაკლებობაზე. თქვენ აძლევთ ადამიანებს შესაძლებლობას, ისწავლონ ხელობა, აიმაღლონ კვალიფიკაცია; წესით, დიდი აქტივობა უნდა იყოს. წლის განმავლობაში რამდენ ბენეფიციარს იღებთ?

- სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ვხვდებით პატიმრებს, რომლებსაც პატიმრობის ვადის ამოწურვამდე 1-3 თვე აქვთ დარჩენილი. ეს არის საინფორმაციო ტიპის ინდივიდუალური შეხვედრები. ვაცნობთ პროგრამას, დეტალურად ვუხსნით, რა ტიპის მომსახურებით შეუძლიათ ისარგებლონ. ზოგიერთი იქვე გამოთქვამს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს და მომართვის ფორმას ავსებს. ჩვენთვის ცნობილია, როდის ტოვებს დაწესებულებას მსჯავრდადებული, და სოციალური მუშაკი იმ დროს უკავშირდება. დაწესებულებებში გაკრულია პლაკატები ჩვენი პროგრამის შესახებ. მიუხედავად დიდი მცდელობისა, არსებობენ ყოფილი პატიმრები, რომლებსაც ესაჭიროებათ დახმარება და რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სახელმწიფო პროგრამის შესახებ არაფერი სმენიათ. მოხარული ვარ, რომ ამ საკითხით დაინტერესდით: შესაძლოა, ამ სტატიიდან პროგრამის შესახებ არაერთმა ადამიანმა შეიტყოს. 2013 წლიდან დღემდე პროგრამაში ჩაბმულ ადამიანთა რიცხვი მუდმივად იზრდება. ინფორმაციის გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ჩვენი მომსახურებით კმაყოფილი ბენეფიციარებიც ასრულებენ, ხშირად თავად მოჰყავთ ნაცნობები. მხოლოდ 2015 წლის იანვრიდან ნოემბრამდე პროგრამით 800-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.

- ყოფილ პატიმრებს არაერთი ფორმით მომსახურებას სთავაზობთ. ყველაზე მეტად რა იზიდავთ?

- მათთვის ყველაზე მწვავედ ჯანმრთელობის პრობლემა დგას. იმ წლებში, რომელიც მათ ციხეში წინა ხელისუფლების პირობებში გაატარეს, ცემისგან სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული. ჩვენ აქტიურად ვიყენებთ როგორც სახელმწიფო, ასევე არასახელმწიფო რესურსს. გარდა იმისა, რომ ეს ადამიანები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობენ, ორგანიზაციებთან, სახელმწიფო სამსახურებთან ვაფორმებთ მემორანდუმებს, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ბენეფიციარებისთვის განსხვავებული კვოტები არსებობს. ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფო ოპერაციის ღირებულების 70%-ს აფინანსებს, ზოგჯერ - 90%-ს. ბევრი ადამიანისთვის ის დარჩენილი თანხის გადახდაც რთულია. თბილისის მერიასთან შეთანხმების საფუძველზე, ამ თანხას მერია ფარავს. ძალიან ბევრ ბენეფიციარს დავეხმარეთ. მათ შეძლეს, გადაუდებელი და საკმაოდ ძვირად ღირებული ოპერაციების გაკეთება, რასაც თავად ვერ მოახერხებდნენ. თბილისის მერიამ პროგრამის მონაწილე 500 ბენეფიციარისთვის უფასო სამგზავრო ბარათი გამოყო.

- პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, რა პერიოდში უნდა მოგმართოთ პირმა, რომ თქვენი მომსახურებით ისარგებლოს?

- ვადები და ასაკი აბსოლუტურად შეუზღუდავია. ვისაც სჭირდება, ყველას ვემსახურებით. ბენეფიციარს ზუსტად იმ დროს უნდა დავეხმაროთ, როცა სჭირდება. ზოგჯერ ბენეფიციარი საჭიროდ არ თვლის ფსიქოლოგის, ფსიქიატრის ან სხვა სპეციალისტის ჩარევას. ფიქრობენ, რომ პრობლემას თავად გაუმკლავდებიან. ასეთ შემთხვევაში სოციალური მუშაკის მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო. ნდობა ჩვენი ცენტრის თანამშრომლებსა და ბენეფიციარებს შორის მაღალია.

- როგორც ვიცი, პატიმრები ბიზნესპროექტებს წერენ.

- დიახ, ეს წარმატებული პროექტი აღმოჩნდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, პირველ წელს, 5 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა, 2015 წელს - 16 ბიზნესიდეა. უახლოეს ხანში კონკურსი მესამედაც გამოცხადდება. მნიშვნელოვანია, რომ დღემდე დაფინანსებული არც ერთი ბიზნესიდეა არ ჩავარდნილა. დიდი მოთხოვნის გამო, გადავწყვიტეთ, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში კონკურსი ცალ-ცალკე ჩავატაროთ. 500-დან 5.000 ლარამდე დაფინანსდა სხვადასხვა იდეა - სოფლის მეურნეობის, მომსახურებისა და წარმოების სფეროში.

- საუბრის დასაწყისში აღნიშნეთ, რომ აქტიურად მუშაობთ პატიმართა ოჯახის წევრებთან. მათ აქვთ შესაძლებლობა, რაიმე სახის შეღავათით ისარგებლონ?

იხილეთ გაგრძელება