მაიკლ ბლუმბერგი: მერისა და მილიარდერის ისტორია

მსოფლიოში არცთუ ისე ბევრი პოლიტიკოსი დაიკვეხნის მილიარდერის სტატუსით.

თუ ევროპას გავიხსენებთ, თავში სილვიო ბერლუსკონი მოდის. მაგრამ ამერიკას თავისი ბერლუსკონი ჰყავს, რომელსაც მაიკლ ბლუმბერგი ჰქვია. ნამდვილი ფინანსური მაგნატი და ნიუ იორკელების საყვარელი და წარმატებული ყოფილი მერი.

მაიკლ ბლუმბერგი ბოსტონში 1942 წლის 14 თებერვალს დაიბადა. ოჯახს მცირე შემოსავალი ჰქონდა - მამა ბუღალტრად მუშაობდა, დედა კი მდივნად. სწავლის საფასურის გადასახდელად მაიკლს ავტოგასამართ სადგურზე უწევდა მუშაობა. 1964 წელს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი დაამთავრა და ელექტროინჟინერიის დარგში ბაკალავრის წოდება მიიღო. 2 წლის შემდეგ კი ბლუმბერგი ჰარვარდის კურსდამთავრებული გახდა და ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის წოდება მიიღო.

შემდეგ ბლუმბერგმა ფინანსურ კომპანიაში Salomon Brothers დაიწყო მუშაობა, სადაც წარმატებული კარიერა სწრაფად აიწყო. იგი კომპანიის სრულუფლებიანი პარტნიორი გახდა (რისთვისაც კომპანიის აქციები მიიღო) და ინფორმაციული სისტემების ხელმძღვანელად დაინიშნა. ბლუმბერგის განყოფილებამ სრული შემართებით დაიწყო მუშაობა, თუმცა მას წარმატებით დიდხანს ტკბობამ არ მოუწია - Salomon Brothers-ისა და კომპანია Phibro-ს შერწყმა მოხდა, რის შედეგადაც ბლუმბერგი შემცირებაში მოჰყვა.

სამსახურის დაკარგვას მაიკლი დეპრესიაში არ ჩაუგდია, პირიქით, მას ახალი შესაძლებლობები გაეხსნა. იგი მიხვდა, თუ სად შეიძლებოდა დიდი ფულის შოვნა, ამისთვის საწყისი კაპიტალიც გააჩნდა - რამდენიმე მილიონ დოლარად გაყიდა კომპანიის აქციები.

ბლუმბერგის იდეა იმაში მდგომარეობდა, რომ გაეწია სხვადასხვა კომპანიებისთვის ფინანსებთან დაკავშირებული საინფორმაციო მომსახურება. ამისთვის მაიკლმა ახალი კომპანია დააარსა და მიიწვია Salomon Brothers-იდან დათხოვნილი თანამშრომლები. იმ დროისთვის ბაზრის ლიდერი სააგენტო Reuters გახლდათ, მაგრამ ბლუმბერგს ჰქონდა შესაძლებლობა, მას დასწეოდა და გაესწრო კიდეც. დგებოდა საყოველთაო კომპიუტერიზაციის ეპოქა და საჭირო იყო რევოლუცია მაქსიმალური სარგებელით გამოეყენებინა.

ასე იხილა დღის სინათლე 1981 წელს ახალმა კომპანიამ Innovative Market Systems, რომელსაც შემდგომ სახელი შეუცვალეს - Bloomberg LP.

მაიკლ ბლუმბერგის კომპანიის პირველი კლიენტი ცნობილი საინვესტიციო ბანკი Merrill Lynch გახდა. ისტორია, თუ როგორ ”მოთაფლა” ბლუმბერგმა Merrill Lynch, ნამდვილი ბიზნეს-ლეგენდაა. ბლუმბერგი თავად ეწვია ბანკის ოფისს და წარუდგინა კომპანიის დეტალურად გაწერილი ბიზნეს-გეგმა, რის შემდეგაც შესთავაზა საცდელი ვერსიის გამოყენება, რათა Merrill Lynch-ში სათანადოდ შეეფასებინათ კომპანიის პოტენციალი. სწორედ ასე გაჩნდა ბლუმბერგის პირველი საინფორმაციო ტერმინალი ბანკში. Merrill Lynch-ს ისე მოეწონა მოწყობილობა, რომელიც ფაქტობრივად წამების განმავლობაში აგროვებდა საფონდო ბაზრის ინფორმაციას, რომ მსგავსი 20 ტერმინალი შეუკვეთა.

დღესდღეობით Bloomberg Professional-ის ტერმინალები ფაქტობრივად ყველა საფინანსო კომპანიაშია, ეს ერთგვარი კორპორატიული სტანდარტია, როგორც Microsoft Windows ოპერაციული სისტემების ბაზარზე. რა თქმა უნდა, ბიზნეს ინფორმაციის გავრცელება ჟურნალისტთა სერიოზული შტატების გარეშე შეუძლებელია. ამ პრობლემის გადასაწყვეტად ბლუმბერგმა Dow Jones-თან გააფორმა ხელშეკრულება, რისი მიხედვითაც მის კომპანიას შეეძლო ქსელში The Wall Street Journal-ის მასალების გამოყენება. Dow Jones-თან კავშირმა 1990 წლამდე გასტანა, როდესაც უკანასკნელმა ყველასთვის მოულოდნელად კონტრაქტი გაწყვიტა. მიზეზები დღემდე უცნობია. ამის შემდეგ ბლუმბერგმა საკუთარი სარედაქციო კოლეგია შექმნა..

ბლუმბერგმა აქცენტები ახალგაზრდობაზე გააკეთა, ეს საკმაოდ მოულოდნელი ნაბიჯი გახლდათ - მან ძვირადღირებული და გამოცდილი სპეციალისტების ნაცვლად კადრების მოძიება ნიჭიერ კურსდამთავრებულთა შორის დაიწყო. მალევე Bloomberg LP-ში თანამშრომელთა უზარმაზარი შტატი შეიქმნა, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მუშაობენ.

მსგავსი შტატის შექმნამ ახალი სერვისების დანერგვა მოითხოვა. ბლუმბერგმა რადიოსადგური შეიძინა, გახსნა სატელევიზიო არხი და საფინანსო ვებ-საიტი, რომელიც დღესდღეობით საფინანსო ანალიტიკის მსოფლიო ცენტრი გახლავთ.

პოლიტიკა

2001 წელს ბლუმბერგი ნიუ იორკის მერად აირჩიეს. ამის მიზეზი გახდა მისი სოლიდური ფინანსური შესაძლებლობა, რომელმაც საშუალება მისცა მასშტაბური სარეკლამო კამპანია ჩაეტარებინა, მეორე მთავარი მომენტი კი წინა მერის, რუდოლფ ჯულიანის მხარდაჭერა გახდა, რომლის სიტყვაც განსაკუთრებით 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ ბევრს ნიშნავდა.

ბლუმბერგი აქტიურად ჩაება სამუშაოებში და მისი პირველი მითითებები, რბილად რომ ვთქვათ, არცთუ ისე პოპულარული გახლდათ. ახალმა მერმა აკრძალა გარევაჭრობა, მოწევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ადმინისტრაციის ხარჯები შეამცირა და ამავდროულად გადასახადები გაზარდა. ბევრს ეჩვენებოდა, რომ მსგავსი ნაბიჯებით მეორე ვადით არჩევას იგი ვერ ეღირსებოდა, მაგრამ ქალაქის ეკონომიკა გაიზარდა, კრიმინალმა იკლო 20%-ით, სასკოლო განათლება კი გაუმჯობესდა. ბლუმბერგმა დაამტკიცა, რომ მერობის შესანიშნავი კანდიდატია და მეორე ვადითაც აირჩიეს.

ამ დროის განმავლობაში მაიკლმა მიაღწია იმას, რომ შეძლო ქალაქის ბიუჯეტის დაბალანსება და უმუშევრობის საგრძნობლად შემცირება. ამიტომაც, გასაკვირი არ არის, რომ საქალაქო საკანონმდებლო საბჭომ მწყვანე შუქი აუნთო, მესამე ვადით არჩევნებშიც ეყარა კენჭი.

ნიუ იორკის ზედიზედ სამი ვადით მერობის შემდეგ, მაიკლ ბლუმბერგმა კვლავ ბიზნეს საქმიანობა გააგრძელა. დღეს მისი ქონება 41 მილიარდ დოლარს შეადგენს. ყოფილი მერი ამერიკის რიგით მეშვიდე, მსოფლიოში კი მე-13 ყველაზე მდიდარი ადამიანია.

დუდანა ზაქარაია