პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის მშენებლობა დაიწყო

მოსახლეობა ფაქტობრივად, სამშენებლო მოედანზე ცხოვრობს

პუშკინის ქუჩაზე ესტაკადის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო, რის გამოც ქუჩის რესტავრაცია-რეაბილიტაციის დროს აღმოჩენილი ძველი თბილისის გალავანი სამშენებლო მოედნად იქცა.

ესტაკადის მშენებლობას მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული "კავკასუს როუდ პროჯექტი" შეასრულებს, რისთვისაც კომპანია ქალაქის ბიუჯეტიდან დაახლოებით 4 მილიონ ლარს მიიღებს.

როგორც სატენდერო დოკუმენტაციიდან ირკვევა, ვიდრე კომპანია ესტაკადის მშენებლობას დაიწყებს, არსებული გზის ნაგებობები უნდა დაშალოს, მათ შორის სპეციალური სანგრევი ჩაქუჩებით, რის გამოც პუშკინის ქუჩის მოსახლეობა შიშობს, რომ ხმაურისა და სამშენებლო მტვერის გარდა, შესაძლოა მასშტაბური სამშენებლო სამუშაოების გამო მათი საცხოვრებელი სახლებიც დაზიანდეს.

მოსახლეობის თქმით, სახლები ფაქტობრივად, სამშენებლო მოედანზე მდებარებს და მათი რესტავრაცია-რეაბილიტაცია ორიოდე წლის წინ დასრულდა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ესტაკადის მშენებლობა შესაძლოა მათი სახლების ნგრევის მიზეზი გახდეს და თბილისს კიდევ ერთი ავარიული უბანი შეემატოს.

როგორც მოსახლეობა განმარტავს, სამშენებლო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით ისინი არავის ჩაუყენებია საქმის კურსში, მაშინ, როცა ცივილურ ქვეყნებში აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ქალაქის მთავრობა სულ ცოტა, აფრთხილებს მოსახლეობას და ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტის გამო.

ამასთან ერთად, პუშკინის ქუჩის სამშენებლო მოედნად ქცევა კიდევ ერთ პრობლემას ქმნის. რამდენიმე მეტრში ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, რომლის დასრულების ვადად 220 დღე იყო განსაზღვრული (?!). ხიდზე ავტომობილების გადაადგილება ივნისის შემდეგ შეზღუდულია, რაც საცობების წარმოქმნის მიზეზი ხდება. ახლა კი იქვე მდებარე ქუჩა კიდევ ერთი საცობის კერა გახდა, რადგან პუშკინის ქუჩაზე სამშენებლო ტექნიკის მობილიზების გამო, გზის სავალი ნაწილის გარკვეული მონაკვეთი გადაიკეტა.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე