აზერბაიჯანული მანათი 47%-ით გაუფასურდა

აზერბაიჯანის ცენტრალური ბანკი დღეიდან ეროვნული ვალუტის მცურავ კურსზე გადავიდა, რის გამოც მანათის ოფიციალური გაცვლითი კურსი დღეს დილით 47%-ით დაეცა.

ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების შემდეგ, მანათი დოლართან და ევროსთან მიმართებაში 47,88%-ით, რუსულ რუბლთან კი 47,3 %-ით გაუფასურდა. როგორც რეგულატორის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილება მსოფლიო ეკონომიკაში გრძელვადიანი შოკების გაძლიერებით და პარტნიორ ქვყნებში ვალუტების დევალვაციით არის განპირობებული.

„მკვეთრად შემცირდა ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბალანსის დადებითი სალდო“, - აღნიშნავს რეგულატორი.

ცენტრალურ ბანკში აცხადებენ, რომ მანათის დევალვაცია მოხდა მიმდინარე წლის თებერვალში, როცა სავალუტო ბაზარი და აზერბაიჯანის ეროვნული ვალუტის კურსი 50-55 აშშ დოლარის ნავთობის ფასს შეუსაბამეს. თუმცა, მიმდინარე წლის ივლისის ბოლოდან, ნავთობის ფასის შემდგომმა დაცემამ მანათის კურსზე ზეწოლა კვლავ გაზარდა.

ადგილობრივი მედია წერს, რომ ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილების გამო ბაქოში ელექტრონიკის მაღაზიები დაიხურა, სადაც საქონლის გადაფასება დაიწყო. ზოგიერთ მაღაზიაში ფასების ზრდა უკვე ფიქსირდება. მაგალითად, სამსუნგის მარკის ტელეფონი 400 მანათის ნაცვლად უკვე 485 მანათად იყიდება.