"პორტ ბათუმი თაუერის" მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ

ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარედ მშენებარე "პორტ ბათუმი თაუერის" მშენებლობაზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ.

40-სართულიან მრავალფუნქციურ შენობაზე დასაქმებულები აცხადებენ, რომ 11 საათიანი სამუშაო დღის მიუხედავად, მათი ანაზღაურება 23 ლარია. მუშები აცხადებენ, რომ საპატიო მიზეზით სამუშაო დღის გაცდენის გამო ორი დღის ანაზღაურებას აჭრიან.

მშენებლობაზე დასაქმებული იოსებ არველაძის თქმით, გაფიცულები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მუშაობის გაგრძელებაზე უარს ამბობენ.

"პროტესტი გვაქვს და არ შევდივართ სამუშაოდ. დღეში 23 ლარი გვაქვს, ერთ დღეს თუ გავაცდენთ, ორი დღის ხელფასს, 46 ლარს გვაჭრიან", - აღნიშნა იოსებ არველაძემ. მისივე განმარტებით, მუშებს სამუშაო კონტრაქტი არ უნახავთ და არ იცნობენ სამუშაო პირობებს.