მარჯვენასაჭიანი მანქანების ბიზნესში ჩართულ პირთა განცხადებით, მათ ზიანი უკვე მიადგათ

ავტოდილერები, რომელთაც საქართველოში მარჯვენასაჭიანი მანქანები შემოჰყავთ, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

მათი თქმით, 2016 წლის 1-ლი მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე, მათთვის ზიანი დადგა, რადგან მომხმარებელი ასეთი მანქანების შეძენას უკვე თავს არიდებს. მარჯვენასაჭიანი მანქანების ბიზნესში ჩართული პირები მიიჩნევენ, რომ შესაძლებელია მოხდეს საკითხის დარეგულირება, მაგრამ არა სრული აკრძალვა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის გოკა გაბაშვილის განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს ინიცირებული პროექტის განხილვა ჯერ არ დაუწყია, ბიზნესს ზარალი უკვე მიადგა, მარჯვენასაჭიანი მანქანები აღარ იყიდება და ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები ბიზნესს კარგავენ. გაბაშვილი იმასაც ამბობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით ზარალდებიან მომხმარებლები, რადგან მარჯვენასაჭიან მანქანებს ძირითადად დაბალი ფასის გამო ყიდულობენ.

"ჩვენ გვაქვს კონსულტაციები იურისტებთან. კონსულტაციები გვექნება პარლამენტში და იმედი გვაქვს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ ამოქმედდება", - აცხადებს გაბაშვილი.

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებულია პროექტი, რომელიც 2016 წლის 1-ლი მარტიდან მარჯვენასაჭიანი ავტომობილების და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას ითვალისწინებს.