ირაკლი ღარიბაშვილი - ჩქაროსნულ მონაკვეთზე 55 ხიდი შენდება

2006 წელს ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის თავზე 68 კმ გზა დაიგო, ხოლო ჩვენი ხელისუფლების დროს, მხოლოდ 3 წელიწადში, დაიგო 96 კმ გზა.

- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 3-წლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის, რომ სოფლებში გაიხსნა 24 საზოგადოებრივი ცენტრი. მოსახლეობას სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს 200-ზე მეტი სახის სახელმწიფო და კერძო მომსახურება. გაიხსნა ფოთის, ზუგდიდის, სტეფანწმინდისა და თიანეთის იუსტიციის სახლები. მიმდინარეობს კიდევ 3 იუსტიციის სახლის მშენებლობა. ქვეყნისა და ეკონომიკის განვითარება მხარდაჭერილი უნდა იყოს გამართული ინფრასტრუქტურით. ამიტომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყეთ გზებისა და ხიდების, საწარმოების, სკოლებისა და საცხოვრებელი სახლების აღდგენა და მშენებლობა. 2006 წელს ჩქაროსნული გზატკეცილის მშენებლობის დაწყებიდან 6 წლის განმავლობაში სულ დაიგო 68 კმ გზა. ჩვენი ხელისუფლების დროს კი, მხოლოდ სამ წელში, დაიგო 96 კმ გზა. აღვადგინეთ 800-ზე მეტი კილომეტრი გზა. უკვე აშენდა 67 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 110 ხიდს, ჩქაროსნულ მონაკვეთზე დღეის მდგომარეობით, შენდება 55 ხიდი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.