„მანდარინის ექსპორტი ახალ წლამდე კიდევ უფრო ინტენსიური იქნება“

,,მანდარინის ექსპორტი ახალ წლამდე კიდევ უფრო ინტენსიური იქნება და ჩვენ ველოდებით პიკურ კვირას“

- ამის შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ბათუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ვფიქრობთ, რომ მიმდინარე დღეების განმავლობაში დამატებით უნდა განხორციელდეს 5-10 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი, რაც საერთო ჯამში, 50-დან 55 ათასამდე ტონა მანდარინის ექსპორტის საერთო მაჩვენებელს მოგვცემს“, - აღნიშნა მინისტრმა.

ოთარ დანელიამ მიმდინარე სეზონი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ გადამამუშავებელი წარმოების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.

,,თუ გლეხი წინა წლებში ვერ ახერხებდა არასტანდარტული მანდარინის ჩაბარებას და შემოსავლის გარეშე რჩებოდა, ამ მოცემულობაში ჩვენ უკვე გვაქვს გადამამუშავებელი საწარმოები, სადაც ხდება კონცენტრანტის წარმოება და რა თქმა უნდა, შესაბამის სარგებელს იღებს ფერმერი. 20 თეთრი ეს არის მინიმალური ფასი, რომელიც განისაზღვრა სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში და აქედან 10 თეთრის სუბსიდირება ხდება სახელმწიფოს მხრიდან, ასევე მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში დასაფასოებელი თუ მიმღები საწარმოების წარმადობის გაზრდა, რამაც განაპირობა ის, რომ ექსპორტი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს და არ არის რიგები“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, საკმაოდ ვრცელია იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებშიც მანდარინის ექსპორტი ხორციელდება. მათ შორის არის უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, რუსეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი.

„კიდევ უფრო მეტი მოთხოვნა ჩნდება ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში საკმაოდ დიდი ექსპორტი განხორციელდა, მანდარინის რაოდენობა უკვე საკმაოდ შემცირებულია. უნდა ითქვას, რომ დაკვეთის შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დაკმაყოფილდეს არა მხოლოდ ტრადიციული ბაზრების ნებისმიერი სტანდარტი და მოთხოვნა, არამედ მაგალითად ისეთი ბაზრის, როგორიც იაპონიაა”, - აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა.

ქრისტინე გამთენაძე