წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის მთავარობას მსოფლიო ბანკისგან 38 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი

“სანიაღვრე არხებიდან ნალექი თერმულ წყლებს შეერეოდა და სანატორიუმების აუზებში აღმოჩნდებოდა”

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მოქმედ ხელისუფლებას წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის დამახინჯებაში ადანაშაულებენ. მათი თქმით, ინფრასტრუქტურის სამინისტრომ და მუნიციპალური განვითარების ფონდმა „ნაციონალების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს მომზადებული პროექტი შეცვალეს და დაამახინჯეს. ბრალმდებლები მაროკოს ბაღების ფოტოებს აფრიალებენ და აცხადებენ, რომ ვიზუალურად ასეთი უნდა ყოფილიყო წყალტუბო, ბაღებსა და სკვერებში ბუჩქებს ფრინველების და ცხოველების ფორმები უნდა ჰქონოდათო. ინფრასტრუქტურის სამინისტროს განმარტებით, მსგავსი იდეა არ ყოფილა პროექტში, რომელიც ნაწილობრივ მართლაც შეცვლილია, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაიკარგებოდა ის, რაც წყალტუბოს უნიკალურობას განაპირობებსო. „შეცდომით დაპროექტებული სანიაღვრე არხებიდან ნალექი თერმულ წყლებს შეერეოდა და საკანალიზაციო ჭების ნაცვლად სანატორიუმების აუზებში აღმოჩნდებოდა“, - აცხადებენ ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ილია დარჩიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე: რეაბილიტაცია ჩატარდა წყალტუბოს პარკში, 70 ჰექტარი მოცულობის ტერიტორიაზე. პროექტი რამდენიმე ქვეპროექტისგან შედგებოდა, რომელთა მიხედვით დაგეგმილი იყო არა მხოლოდ პარკის, გზების, შენობების და ზოგადად, ინსფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. პროექტის პირვანდელი ვარიანტი ნამდვილად 2012 წელს შედგა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, მაგრამ იმდენად მოკლე დროში და უხარისხოდ მოუმზადებიათ, რომ ცვლილებები გარდაუვალი გახდა. ძველი სარეაბილიტაციო პროექტით სანიაღვრე არხები ერთვოდა თერმულ წყლებს, რაც ამ სიმდიდრის არამხოლოდ დაბინძურებას, განადგურებასაც გამოიწვევდა. ყველა ქვეპროექტში იყო ისეთი შეცდომები, რაც სავალალო შედეგს გამოიწვევდა. ჩვენ შეცდომები გავასწორეთ, თორემ პროექტის ძირითადი არსი არ შეგვიცვლია. შეგახსენებთ, საქართველოს მთავარობას წყალტუბოს რეაბილიტაციისთვის მსოფლიო ბანკის მიერ 38 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი, ეს თანხა გრძელვადიანი კრედიტია, რომელიც ჩვენი გადასახდელია, შესაბამისად, თუ პროექტს არ შევცვლიდით, გამოდიოდა, რომ ვალს წყალში გადასაყრელად ვიღებდით.

- ოპონენტები ამბობენ, რომ მოქმედ ხელისუფლებას ესთეტიური აღქმის უნარი არ აქვს და ამიტომაც შეცვალა წყალტუბოს თეატრის სარეაბილიტაციო პროექტიო...

- ჩვენ, პირველ რიგში, უსაფრთხოებაზე ვზრუნავთ და შემდეგ ფასადურ იმიჯზე. ძველი სარეაბილიტაციო პროექტი ითვალისწინებდა მხოლოდ ფასადურ რეაბილიტაციას, რომლის შედეგად თეატრის შენობა დასანგრევად იყო განწირული და შესაძლოა, ამ ამბავს მსხვერპლიც მოჰყოლოდა. ნაგებობა მთლიანად გასამაგრებელი იყო. შესაბამისად, გაუმართლებლად მივიჩნიეთ ძველი პროექტით განსაზღვრული ფოლადის გაუგებარი კონსტრუქციის კიბეზე დამონტაჟება. ის იმდენად მძიმე იყო, რომ შენობას დაანგრევდა. რატომღაც სარეაბილიტაციო გეგმით, სახურავის გამოცვლაც კი ნაწილობრივ იგეგმებოდა. ასეთივე გაუგებარი ტიპის ფოლადის კონსტრუქცია არის თელავის თეატრის წინაც, რომლის დემონტაჟი ახლა ხდება.

- მუნიციპალური განვითარების ფონდს დღემდე უჩივიან კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც თურმე საქმეს ჩამოაშორეთ.

- ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ კომპანიებს არ შეეძლოთ ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამიტომაც მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ დაქირავებულმა საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიამ, რომელიც პროექტების მონიტორინგს ახორციელებს, მოგვმართა რეკომენდაციით, რომ სწორედ ის კონტრაქტორი კომპანიები, რომლებიც დღესაც უჩივიან მუნიციპალური განვითარების ფონდს, საქმეს ჩამოშორებოდნენ, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ პროექტების განსახორციელებელ პირობებს. შესაბამისად, საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი პროცედურის მიხედვით, მსოფლიო ბანკთან შეთანხმებით შეუწყდათ ხელშეკრულებები, მომზადდა ხელახალი სატენდერო დოკუმენტაცია და თავიდან გამოცხადდა ტენდერი. რეაბილიტაციის პროექტი უკვე დასრულდა და ნებისმიერ მსურველს შეუძლია ნახოს როგორ მდგომაროებაშია წყალტუბო. დღეს იქ ყველა პირობაა იმისათვის, რომ ინვესტორი დაინტერესდეს და ტურისტული ბიზნესის განვითარებაში ინვესტიცია ჩადოს.

რეკორდულ დროში მომზადებული სარეაბილიტაციო პროექტები წყალტუბოში

წყალტუბოს ცივი ტბის და მისგან გამომავალი არხების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტირება დაიწყო 2012 წლის 24 მაისს და დასრულდა იმავე წლის 8 ივნისს. ორი კვირაც არ დასჭირდათ. პარკების, შენობების და მათთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურული ობიექტების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი 2013 წლის 13 ივნისს დაიწყო და დასრულდა 31 ივლისს. ქ. წყალტუბოს გარე განათების პროექტი 2012 წლის 18 ივნისიდან 9 ივლისამდე მომზადდა. წყალტუბოში წრიული გზისა და პარკში გზებისა და ბილიკების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კი თურმე 10 დღეც არ დასჭირდა. ისეთი ვადებია დასახელებული, საპროექტო სამსახურს ადგილზე მდგომარეობის შესასწავლად რომ არ ეყოფოდა, არათუ დასაპროექტებლად. ასევე არსებობს ვერსია, რომ 2012 წელს, როდესაც წყალტუბოს რეაბილიტაცია დაიგეგმა, კონტრაქტორები პროექტის დასრულებამდე შეირჩა, რაც დღემდე აძლიერებს ვარაუდს, რომ კომპანიები კი არ შეარჩიეს სატენდერო პირობების გათვალისწინებით, არამედ, მათ ინტერესებს მოარგეს ტენდერები, რომელიც თითქოს საერთოდაც არ ჩატარებულაო. ინფრასტრუქტურის სამინისტროში ამაზე კომენტარს არ აკეთებენ და აცხადებენ, რომ დასკვნებს სასამართლო გააკეთებს.

ეკა ლომიძე